აღმამედლოში, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინეს
სოფელ აღმამედლოში, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის სამარხი აღმოაჩინეს.

სამარხი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დამუშავებისას მახირ ნაბიევმა აღმოაჩინა.

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაში წერია, ქვაყუთის ტიპის სამარხში 4 ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს.

აღმოჩენილია სამარხში ქრისტიანული წესით, გულაღმა ჩასვენებული ორი ზრდასრული ადამიანის ძვლები. თავისა და მენჯის ძვლის მიხედვით, სავარაუდოდ სამარხის სამხრეთ ნაწილში მამაკაცია დასვენებული, ხოლო ჩრდილოეთით კი ქალის ნეშტია. სამარხში დაფიქსირებული კიდევ ორი მიცვალებული, რომელთა ძვლები სამარხის ბოლოსკენაა მიხვეტილი. მათგან ერთი, სავარაუდოდ, მოზარდი ადამიანის ძვლოვანი მასალის ნაშთებია, რომელიც სამარხში ჩრდილოეთით დაფიქსირებული მიცვალებული ქალის მუხლებთან აღმოჩნდა. მეოთხე მიცვალებულის ძვლების ნაშთები კი სავარაუდოდ ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც სამარხის აღმოსავლეთ კუთხეში ესვენა.“- წერია სააგენტოს განცხადებაში

დროთა განმავლობაშ სამარხში გრუნტის წყლების ჩასვლის გამო, მასში არსებული ჩონჩხების ალაგება შეუძლებელი გახდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საბოლოოდ, ფოტო და გრაფიკული ფიქსაციის შემდეგ ძვლოვანი მასალა სამარხში დარჩა, მიწით ამოივსო და დაიხურა. სამარხი აბსოლუტურად უინვენტარო აღმოჩნდა.




რადიო „მარნეული“



გარეკანის ფოტო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები