"დედა პირველ რიგში არის ქალი და ის თვითრეალიზებული უნდა იყოს" - 6 შვილის დედა ოლგა ენდელაძე

„დედობა რთულია, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს,  როდესაც მუშაობ“ - გვეუბნება 6 შვილის დედა,  სამოქალაქო აქტივისტი, ოლგა ენდელაძე.

ამბობს, რომ საკმარისი დრო შვილებისთვის თითქმის არასდროს რჩება. მიუხედავად ამისა,  ცდილობს დრო ისე გადაანაწილოს, მთავარი საკითხები მოუგვარებელი არ დარჩეს. სრული სამუშაო გრაფიკი, საოჯახო საქმეები, შვილებისთვის გაკვეთილების მომზადება და სხვა ათასი წვრილმანი ოლგამ ყოველდღიურად უნდა მოასწროს. მას ყველაზე უმცროსი სამი ტყუპი გოგო ჰყავს. მათთვის თანაბარი სითბოს გამოსახატად თავისებური მიდგომები აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ ოლგა ენდელაძე მარნეულში ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. გარდა ყოველდღიური რუტინული სამუშაოებისა, ის მაინც ახერხებს  შვილების კრივზე და სპორტულ ცეკვებზე ტარებას



„ვფიქრობ, რამდენი წუთი მრჩება ერთი ბავშვისთვის? იცით რა არის, ტყუპებს ერთმანეთთან გაჯიბრების სურვილი აქვთ. ყველა ყურადღებას ითხოვს. ბრაზდებიან, როცა სათანადო ყურადღებას არ აქცევ და შემდეგ მთელი რიგი პრობლემები იქმნება. მე ერთი მიდგომა ვისწავლე. როდესაც დარბიან და  თამაშობენ,  სათითაოდ დავიჭერ ხოლმე და ყურში ჩუმად ვეუბნები - მე შენ ძალიან მიყვარხარ. რა ვქნა, მეტი ყურადღების დრო არ მაქვს. ხომ უნდა იცოდნენ, რომ ყველა მიყვარს“ - ღიმილით გვიყვება ოლგა.




ოლგა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული.  პროექტის ფარგლებში მარნეულის სოფლებში დადის და თემისთის ინფორმირებაზე ზრუნავს. მიუხედავად მისი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, შვილებისთვის საკუთარი ხელით სამეჯლისო კაბებსაც კერავს. 



ოლგა ენდელაძეს ვთხოვეთ დედებისთვის რჩევები გაეზიარებინა. ამბობს, რომ დედების მთავარი მიზანი საკუთარი თავების კეთილდღეობისთვის ზრუნვაა.

„ნებისმიერმა ქალმა საკუთარი თავისთვის უნდა იმუშაოს. მე არ მინდა ვთქვა და გამოვაცხადო, დედებო, ვიცხოვრებთ ჩვენი შვილებისთვის. არა, დედებო, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ საკუთარი თავისთვის. ბავშვები რომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი არიან , ეს თავისთავად, ცხადია და ჩვენი ცხოვრება თუ ბედნიერი არ იქნება, ვერც ჩვენ შვილებს ვასწავლით ბედნიერებას, შრომას, თვითრეალიზებას, პიროვნულ განვითარებას“- გვეუბნება ოლგა

სრული ინტერვისთვის მოუსმინეთ ლინკს და გაიგეთ, რას ფიქრობს ოლგა ენდელაძე  დედობაზე, დედობრივ ბედნიერებასა და სიყვარულზე.

ჩვენ კი ყველა მკითხველს გილოცავთ დედის დღეს!



რადიო "მარნეული"
თეა დავაძე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები