გარევაჭრობის „დაკონსერვებული“ რეფორმა მარნეულში
უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვა დაიწყო.

მარნეული-სადახლოს გზაზე სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების ჯიხურები, ხოლო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველითა და რძის პროდუქტებით მოვაჭრეები წესით აღარ უნდა იყვნენ, მაგრამ მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

მარნეული-სადახლოს გზაზე, სადაც ყოველდღიურად აზერბაიჯანში და სომხეთში მიმავალი მანქანები დადიან, მრავლადაა ყვითელ ბრეზენტ გადაკრული ჯიხურები. ჯიხურებს თითქმის იდენტური სახე აქვთ, სიგრძეზე ჩაყოლებული ორი რიგი, სადაც სხვადასხვა სარეცხი საშუალებებია განთავსებული, და პატარა ფიცრული შენობა, რათა გამყიდველმა მზიან და ცივ დღეებში თავი კომფორტულად იგრძნონ.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ყოველდღიურად შევხვდებით რძის ნაწარმით მოვაჭრეებს, რომელთა პროდუქტის ხარისხს არც სურსათის ეროვნული სააგენტო და არც მუნიციპალიტეტი არ ამოწმებს.

აბაზოვის რეფორმის პირველ ეტაპზე, 2018 წლის იანვარში, მერიამ მარნეული-სადახლოს გზაზე მდებარე გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რათა მათ კუსტარულად დამზადებული ჯიხურები დაეშალათ. მერიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებიც იმართებოდა. თვითმმართველობა კი ალტერნატიულ ფართს ეძებდა სადაც გარემოვაჭრეების გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი.

აღნიშნულმა ინიციატივამ მარნეულის მაშინდელი მერის თემურ აბაზოვის დაკავების შემდეგ შესაძლოა ითქვას, რომ მიიძინა. მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგანაც თავს იკავებდნენ.

თემურ აბაზოვი მარნეულელი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.

ივლისში მერიამ უკვე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე მდებარე გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რათა ისინი ბაზრის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ, მაგრამ გაფრთხილება გაფრთხილებად დარჩა.

მარნეულის მერიაში სიტყვიერად ამ დრომდე არ გვპასუხობენ თუ რა გეგმები აქვს მუნიციპალიტეტს გარე ვაჭრობის მოსაგვარებლად და კითხვაზე პასუხის გასაცემად წერილობით მიმართვას და 10 დღიან ლოდინს გვთხოვენ.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები