სმიტების საბავშვო მოედნის ადგილმდებარეობა გადაწყვეტილია - მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა
სმიტების ოჯახისათვის მიძღვნილი სკვერის მოწყობისათვის ამ ეტაპზე კომპანიების შერჩევა მიმდინარეობს, რომელიც შემდგომ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია სმიტების ოჯახის ახლობელმა მაიკლ დევიდ ჩაპმანმა მოგვაწოდა.

სმიტების ოჯახის წარმომადგენლებს საბავშვო მოედნის მოწყობისათვის მარნეულის მერიამ სამი ალტრნატიული ფართი 2018 წლის 2 ოქტომბერს შესთავზა. სმიტების ოჯახმა არჩევანი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე N3 საჯარო სკოლის წინ არსებულ პარკზე შეაჩერა. სწორედ აქ მოეწყობა ხადას ხეობაში მოკლული ოჯახისადმი მიძღვნილი საბავშვო მოედანი, რომლის მოწყობასც რაიან სმიტი გარდაცვალებამდე ცდილობდა.

„ამჟამად სამშენებლო კომპანიასთან სამუშაოებს ვაწარმოებ. სახელმწიფომ მე სამი კომპანია მირჩია, რათა დავუკავშირდე და ფასები გავიგო. მერე ეს კომპანია პროექტთან დაკავშირებულ ყველა დეტალს თვითონ დააორგანიზებს. მე ეს პროექტი სახლემწიფოს წარვუდგინე და მათ მოეწონათ, მაგრამ თქვეს, რომ ეს პროექტი ინფორმაციული ხასიათის უნდა იყოს. ამიტომ მირჩიეს, რომ კომპანიასთან კონსულტაციები გავიარო და ფასი განისაზღვროს. შემდგომ პროექტს ოფიციალურად წარვადგენთ სახელმწიფოს და მშენებლობაც დაიწყება“ - თქვა მაიკლ დევიდ ჩაპმანმა

მაიკლ დევიდი ამბობს, რომ საბავშვო მოედნის მოწყობისათვის ძირითად თანხას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები გამოყოფენ. ამას გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნავთობკომპანია „სოკარ ჯორჯიასთან“ და გარკვეულ თანხას სმიტების ოჯახის სამეგობრო წრეც აგროვებს.

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან საბავშვო მოედნის მოწყობისათვის პრობლემები არ შეიქმნება.

„ტერიტორია გამოყოფილია და ველოდებით მეორე მხარის მობრძანებას. მოლაპარაკება იყო, ველოდებით რომ პროექტს მოიტანენ და დაიწყებენ შესაბამის სამუშაოებს.“ - ამბობს ზაურ ტაბატაძე

რაიან სმიტი პარკის მოწყობისათვის ნებართვის აღებას მუნიციპალიტეტისაგან წლების განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ თვითმმართველობის წარმომადგენელბი უარს აცხადებდნენ. იდეის განხორციელება რაიან და ლორა სმიტმა ვერ შეძლეს, რადგან 2018 წლის 7 ივლისს ისინი ხადას ხეობაში, მათი 4 წლის შვილთან ერთად, მოკლულები იპოვეს. ოჯახის მკვლელობის საქმეში ერთადერთი ეჭვმიტანილი 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაურია, რომლის საქმეზეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უახლოეს მომავალში დაიწყება.

მკვლელობის შემდეგ სმიტების იდეის განხორციელების მიზნით მარნეულში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები