თემურ აბაზოვის თქმით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს აშიმშილებდნენ


მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება უარყოფს თემურა აბაზოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ აღსაზრდელებს აშიმშილებდნენ.

 

ეს ინფორმაცია აბაზოვმა TV4 - თან სტუმრობისას განაცხადა. თქვა, რომ მარნეულის საბავშვო ბაღებში საკვების ქურდობის ფაქტებიც ხდებოდა.

„წარმოიდგინეთ თანამშრომლები იპარავდნენ ხორცს, პურს, კვერცხს და ბავშვები რჩებოდნენ მშივრები. სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული, ერთი ამბავი ატყდა, ხალხი გამოვიდა. პრობლემა იყო არასწორი მართვა. როცა ერთი ამბავი ტყდებოდა იგივე თანამშრომელი რჩებოდა და მუშაობას აგრძელებდა, თუმცა ეს ასე არ გაგრძელდა და მოიხსნა ის თანამშრომელი. ბავშვებს თავისი ნორმა (საკვები) არასოდეს აუღიათ. უკან უბრუნებდნენ იმის გამო, რომ ზედმეტი ეგონათ. ბავშვები სახლში მიდიოდნენ და არ იძახდნენ, რომ მშია, საჭმელი მაჭამე და მშობლები საჭმლით მოდიოდნენ ბაღთან ბავშვებს იმ დონემდე შიოდათ.“- ამბობს აბაზოვი

აბაზოვის განცხადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბაგა-ბაღების გამგეები.

„მსგავსი არაფერი ყოფილა. მონიტორინგი სულ არის ჩვენთან და ამას უბრალოდ ვერ დაუშვებ. საკვების ყოველდღიური გახარჯვა სულ მოწმდება. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ მენიუ შეიცვალა და უკეთესი გახდა.“ - ამბობს N3 საბავშვო ბაღის „ჩიორას“ გამგე, ქეთევან მინაძე.

ფაქტს კიდევ ერთი, საიმერლოს საბავშვო ბაღის გამგე აზა ხარშილაძე უარყოფს.

„რას ბრძანებთ, როდის მოხდა ეგ ამბავი, რომელ წლებში? სრული სიცრუეა.“- ამბობს ხარშილაძე

რადიო მარნეული ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსს ზაურ ქარამოვს დაუკავშირდა, რომლიც ახლა საქართველოში არ იმყოფება და სატელეფონო კომენტარი ვერ ჩაგვაწერინა, თუმცა ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა და აბაზოვის განცხადების შესახებ ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო. ამბობს, რომ ბავშვებს საკვების პრობლემა არც ადრე ჰქონდათ და არც ახლა აქვთ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს,ზაურ ტაბატაძესაც დავუკავშირდით. რომელმაც თქვა, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია.

“ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდში მე არ მსმენია მსგავსი რამ და თუ კი ეგეთი შემთხვევები იყო, მაშინ უნდა გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიება ალბათ."- ამბობს ზაურ ტაბატაძე


მარეულის ბაგა-ბაღებში არსებული სიტუაციის შესახებ თემურ აბაზოვმა, 7 მარტს ქვემო ქართლის ტელევიზიის გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

 

Print