დღეს ნოვრუზის ბოლო ჩერშენბე , წლის ბოლო სამშაბათი აღინიშნება
დღეს, 19 მარტს, საქართველოში ნოვრუზის ბოლო ჩერშენბე , წლის ბოლო სამშაბათი აღინიშნება.

ამ სამშაბათს ხალხი მიწის ჩერშენბეს უწოდებს. ძველი რწმენის მიხედვით, ამ დღის შემდეგ მიწა მოსავლისთვის მზად არის.

ბოლო ჩერშენბეზე მიწას სახნავად ამზადებენ და სათბურებში მუშაობას აქტიურად იწყებენ. სახლებში სუფრაზე სიმწვანის ნიშნად ჯეჯილს დებენ.

ბოლო სამშაბათს ასაკის და სქესის განურჩევლად ყველა კოცონზე უნდა გადახტეს და შვიდჯერ გაიმეორონ - „ჩემი სიყვითლე შენ და შენი სიწითლე მე“ ან „ყველა ჩემი ტკივილი ცეცხლში აინთოს“.

კოცონს წყლით არასდროს აქრობენ. როცა შეშა ნელ-ნელა დაიწვება და ცეცხლი ჩაქრება,  ახალგაზრდა გოგო - ბიჭები მის ფერფლს აგროვებდნენ და მიწაზე ფანტავდნენ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ოჯახის წევრების ტკივილი, უბედურება ფერფლთან ერთად მიდის.

ამ სამშაბათს სუფრა იშლება, ტკბილეულს ამზადებენ, ხონჩაზე დებენ. ხონჩის შუაგულში  ჯეჯილს ათავსებენ და გარშემო შეღებილ კვერცხს, ნიგოზს,თხილს და ტკბილეულს დებენ.

ამბობენ, რომ ბოლო სამშაბათ ღამეს ყველა სახლში უნდა იყოს. სხვაგავარად ,შვიდი წელის განმავლობაში,  ნოვრუზს სხვა ადგილას აღნიშნავ.

ბოლო სამშაბათს მარილიან პურს ჭამენ და წყალს არ სვამენ. ღამე ვინც დაგესიზმრება და წყალს მოგაწვდის, ის შენი საბედო გახდება

ღამით იღვიძებენ დ სანთლებს ანთებენ. რწმენის მიხედვით,  სანთელს რომ ჩააქრობენ სარკეს უნდა შეხედონ და მომავალ ბედს იქ დაინახავენ.

შეგახსენებთ, რომ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის მზადება ოთხი კვირით ადრე, ბუნების ოთხი ძირითადი შემადგენელი ელემენტის (წყალი, ცეცხლი, ქარი, მიწა) აღნიშვნით იწყება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები