კანდიდატების დისკრიმინაციული და არაეთიკური წარდგენა - როგორ აფასებენ არასამთავრობოები ღარიბაშვილის მიერ აზერბაიჯანელების „აზერებად“ მოხსენიებას
დღეს, 25 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიგგარეშე არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა. დასახელებულ კანდიდატებს შორის მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალიცაა.

„ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი.“ - განაცხადა ღარიბაშვილმა ზაურ დარგალის წარდგენისას.




სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა ზაურ ხალილოვმა ღარიბაშვილის განცხადება დისკრიმინაციულად შეაფასა, რადგან მან წარდგენისას კანდიდატის ეთნიკურობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თუ ღარიბაშვილს სურდა, რომ საქართველოს მოქალაქის ეთნიკურობა პოზიტიურ კონტეექსტში ეხსენებინა, მაშინ მისი ეთნიკურობის დასახელება სწორედ მაინც უნდა მოეხსენიებინა. მართალია, რომ ინგლისურ ენაში ადრე გვხვდებოდა სიტყვა „აზერი“ მაგრამ, ეს პრაქტიკა უკვე დიდი ხანია შეიცვალა, რადგან ჩათვალეს, რომ ეროვნების დასახელების შემოკლება დისკრიმინაციულია.“ - ზაურ ხალილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმა ინტეგრაციის პროცესისათვის ხელისშემშლელი ფქტორია.

ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე კანდიდატების წარდგენას პრობლემატურად აფასებს, რადგან განცხადებაში მუნიციპალიტეტების რეალურ საჭიროებებზე და მმართველი გუნდის პოლიტიკურ ხედვბზე, რომელიც მათ ადგილობრივ თემებში არსებული სისტემური სოციალური პრობლემების გადასაჭრელად აქვს, საუბარი არ იყო. მერობის კანდიდატების წარდგენისას მათი პოლიტიკური გამოცდილების შესახებ განცხადებაში მითითება არ გაკეთებულა, ხოლო ღარიბაშვილის მიერ მარნეულის მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის ნომინაციის დროს მისი „ეთნიკურად აზერად“ სახელდება იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. თამთა მიქელაძის თქმით, აღნიშნული განცხადება ეთნიკური უმცირესობების საკითხის მიმართ მმართველი პოლიტიკური გუნდის დაბალ ცოდნას და მგრძნობელობას აჩვენებს.

„ეს სახელდება არასრული და არაეთიკურია. მინიმუმ პოლიტსაბჭოს მდივანს ეთნიკური ჯგუფის სახელი სწორედ უნდა დაესეხელებინა და ტერმინი ‘აზერბაიჯანელი’ და უფრო მეტიც, ’‘საქართველოს აზერბაიჯანელი’ გამოეყენებინა, რომელიც საქართველოში ისტორიულად მცხოვრები და ქართულ კულტურასთან და სოციალურ გარემოსთან ღრმად დაკავშირებული ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელი თემის საქართველოსთან კავშირს გაუსვამდა ხაზს.“ - ამბობს თამთა მიქელაძე

EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ასევე განმარტავს, რომ დასახელებული არც ერთი კანდიდატი არ იყო ქალი, რაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პრობლემის კიდევ ერთი დადასტურებაა.

რადიო „მანრეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები