თემურ აბაზოვი მერიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
32 000 ლარის ოდენობის განაცდურის აღებასთან დაკავშირებით, მარნეულის მერიის უარს, თემურ აბაზოვი სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მოგვაწოდა.

როგორც მოსიაშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა, მათ მერიისაგან განაცდურის აღებასთან დაკავშირებით უარის შესახებ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

„ჩვენი მოთხოვნა არის კანონთან შესაბამისობაში, ჩვენ ვითხოვთ მოქმედი კანონმდებლობიდან იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობა, კონკრეტულ შემთხვევაში მერია, მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას, აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ შესაბამის ორგანოში“ - გვითხრა გაგი მოსიაშვილმა

აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვდა, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო.  მარნეულის ყოფილი მერის განცხადება ცნობის სახით  საკრებულომ 13 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საკითხის განხილვა მერიას დაევალა და უარყოფითი გადაწყვეტილებაც თავად მიიღეს. მერიის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მხოლოდ მარნეულის საკრებულოს გადაეგზავნა და დოკუმენტი საჯარო არაა, რის გამოც ჩვენთვის ცნობილი არაა თუ რა საფუძველზე ეთქვა აბაზოვს უარი.

თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის მარნეულელი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული. სასამართლომ აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები