წინასაარჩევნო ბანერების განთავსების ადგილები და იმამყულიევის ინიციატივა საკრებულოს
მარნეულის მერიამ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების განსათავსებლად ადგილები განსაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  3 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.


მარნეულის მასშტაბით საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების განთავსება აკრძალული იქნება საკულტო ნაგებობებზე, საჯარო დაწესებულებებზე, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე და მის მიმდებარედ მდებარე ორ რკინის კონსტრუქციაზე, მარნეულის ცენტრალური სტადიონის წინა ფასადზე, მერიის წინ არსებულ დეკორატიულ ღობეზე და ა.შ.

მარნეულის მერიის მიერ განსაზღვრულ ადგილებს შორის მაღალაშვილის ხიდის მიმდებარედ არსებული ორი რკინის კონსტრუქციაც მოხვდა, რომლებზეც საარჩევნო ბანერებს ძირითადად პარტია „ევროპული საქართველო“ ანთავსებდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომაზე პარტიის მარნეულის შტაბის ხელმძღვანელი, ახმედ იმამკულიევი გამოეხმაურა და რიტორიკული კითხვა დასვა „ჩემი ადგილი?!“. იმამკულიევის რეპლიკას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე გამოეხმაურა და უთხრა, რომ ნუ ინერვიულებს, რადგან იმამკულიევი მაინც პოპულარულია.

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ უმჯობესი იქნება მერიამ პოლიტიკურ სუბიექტებს 1 თვით მისცეს საშუალება, მხოლოდ ბილბორდებით ისარგებლონ, რადგანაც მისი აზრით, პატარა პლაკატები მარნეულის იერ-სახეს ამახინჯებს. ინიციატივაზე საკრებულომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო მიზეზად კი საბილბორდე ადგილების გაქირავება დაასახელეს.

„ბილბორდები როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაცემულია აუქციონის წესით და ჰყავს უკვე მეპატრონე“ - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები