ოპოზიცია მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს
„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. 13 აპრილს მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის ოფიციალური წარდგენა გაიმართა.

მმართველი პარტიის კანდიდატის წარდგენას მარნეულის სხვადასხვა სკოლების დირექტორები და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საკრებულოს წევრმა აზად ქარიმოვმა შეხვედრაზე მიმავალ მასწავლებლების ჯგუფს ვიდეო გადაუღო, რომელშიც ეკითხება თუ რომელი სკოლიდან არიან და მოვიდნენ თუ არა სრული შემადგენლობით.

ვიდეოში სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლიდან ყველანი არიან წამოსულები, როგორც ქალები, ისე კაცები, საერთო ჯამში კი 24-ნი არიან.




მა
რნეულის საკრებულოს წევრმა აზად ქარიმოვმა რადიო „მანრნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მარნეულის რესურს ცენტრის დავალებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიატის წარდგენას, მასწავლებლები მარნეულის თითქმის ყველა სკოლიდან ესწრებოდნენ.

„ხალხი არაა მათი მხარდამჭერი. ეს იმით დადასტურდა, რომ მერობის კანდიატის წარდგენაზე მაქსიმალურად გამოიყენეს სახელმწიფო რესურსები. ამის ერთ-ერთი მაგალითია მარნეულის მერობის კანიდატის წარდგენა, როდესაც მთელი ქვემო ქართლის მასშტაბით, მასწავლებლები და მოსწავლეები მარნეულში ჩამოიყვანეს.“ - გვეუბნება აზად ქარიმოვი

ქარიმოვის ბრალდებას არ ეთანხმება სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის დირექტორი ბინალი ალიევი.

„ჩემს მიმართ არანაირი მითითება და არაფერი არ იყო. მე ვარ თავისუფალი ჩემს საქმეშ და თანამდებობაზე და მე თავად ვარ ჩემს თავზე პასუხისმგებელი.“ - რაც შეეხება სკოლის მასწავლებლების კანიდატის წარდგენაზე დასწრებას, ბინალი ამბობს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან 13 აპრილს დასვენების დღე იყო და მათ ნებისმიერ ადგილას შეეძლოთ წასვლა.

ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს ასევე უარყოფს მარნეულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი - „ამ საკითხთან დაკავშირებით არსაედან დავალებაც არ იყო და თხოვნაც არ იყო. თავისი სურვილით თუ ვინმემ მონაწილეობა მიიღო ჩვენ საქმის კურსში არ ვართ.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსმა იურისტმა გიგი ჩიხლაძემ ჩვენთან საურბისას თქვა, რომ სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის იძულება, ჩაერთოს საარჩევნო პროცესში და აგიტაციაში საქართველოს საარჩევნო კოდექსით აკრძალული ქმედებაა. აღნიშნულ შემთხვევაში კი სწორედ ამ ფაქტთან შეიძლება გვქონდეს ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ გაგვაჩნია.

„გარემოებები და ცუდი პრაქტიკა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ზუსტად ამასთან გვქონდეს საქმე იმიტომ, რომ საჯარო მოსამსახურეები, საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლები, სამწუხაროდ წლებია უკვე პირდაპირი თუ ირიბი იძულებით არიან ჩართული აგიტაციაში.“ - გვითხრა გიგი ჩიხლაძემ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი ასევე განმარტავს, რომ სადამკვირვებლო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არის, რომ მოხდეს გამიჯვნა სახელმწიფოსა და პარტიის და არ მოხდეს ადამიანური რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციაში, თუმცა აღნიშნული რეკომენდაციები, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება.



გარეკანის ფოტო: ზაურ დარგალის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან
Print