კნიაზის ერთი წელი ახალი გულით
კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი წელი გავიდა.
გარდაბანში მცხოვრებ ალიევს გასულ წელს გულზე პრობლემები შეექმნა და გამოსავალი მხოლოდ გულის გადანერგვის ოპერაცია იყო, რომელიც საზღვარგარეთ უნდა გაკეთებულიყო.  ოჯახს საკმარისი ფინანსური სახსრები არ გააჩნდა.  ადამიანების დახმარებით კი კნიაზს საჭირო თანხა რამდენიმე თვეში შეუგროვდა და „ახალი სიცოცხლისთვის“ მინსკში გაემგზავრა. ის ჩვენთან საუბარში გასულ, მძიმე ერთ წელს იხსენებს და ამბობს, რომ გადარჩენის იმედი არასდროს დაუკარგავს. მისი სიცოცხლის მთავარ მიზეზად ხალხს ასახელებს, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ მის გადასარჩენად.

„მადლობა ღმერთს კარგად ვარ, ოპერაციის შემდეგ უფრო უკეთ გავხდი. ექიმებს ვკითხე და ნება არ დამრთეს რომ პირდაპირ ეთერში გავსულიყავი და ხალხისთვის მადლობა გადამეხადა. მითხრეს, რომ ნერვიულობა არ შეიძლებაო. გარეთ გასვლა,  ადამიანებთან კონტაქტის დამყარება არ შეიძლებოდა ჩემთვის და ზამთარი სულ სახლში გავატარე.  ოპერაციამდე  ჩემს გულში მაინც ყველაფერს კარგს ვფიქრობდი და ცუდის გაფიქრება არ შემეძლო. ოპერაციის შემდეგ მივხდი, რომ ფულზე და მატერიალურ სიკეთეებზე არ უნდა იყო დამოკიდებული - არ იცი ხვალ რა გელის“

კნიაზ ალიევს გულის გადასანერგად 120 000 დოლარი სჭირდებოდა, რისთვისაც ალიევის სახელზე  არაერთი საბანკო ანგარიში გაიხსნა და მრავალი საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. მის გადასარჩენად არაერთმა პოლიტიკოსმაც მიიღო მონაწილეობა.

რადიო "მარნეული"
Print