ყიზილაჯლოში პირუტყვის დახოცვა, სავარაუდოდ, ფერმერის არასწორმა ქმედებამ გამოიწვია


61 მსხვილფეხა პირუტყვი, რომელიც სოფელ ყიზილაჯლოში, გუშინ, 9 მაისს, ტკიპის საწინააღმდეგო წამლის გამოყენების შემდეგ დაიხოცა, სავარაუდოდ, ფერმერის არასწორმა ქმედებამ გამოიწვია.


როგორც ჩვენთან საუბარში სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, მირანგულა ლიპარტელიანი აცხადებს, პირველადი მოკვლევით ფერმერის მხრიდან, წამლის არასწორი დოზების გამოყენებაზე ეჭვობენ, თუმცა საბოლოო დასკვნას ექსპერტიზის მხრიდან ელოდებიან.

„ჩვენ, ვინაიდან მოკვლევა ჩავატარეთ, სხვა მიმართულებებსაც არ გამოვრიცხავთ, მაინც ავიღეთ დაზღვევის მიზნით პათოლოგიური მასალა, რომელიც გადაიგზავნა ლაბორატორიაში. როცა შედეგები იქნება, აუცილებლად მივაწოდებთ პასუხებს დაინტერესებულ მხარეს.“- გვითხრა მირანგულა ლიპარტელიანმა“

ლიპარტელიანი გვარწმუნებს, რომ პირუტყვი შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ განადგურდა და მისი სავაჭრო ბაზარზე მოხვედრა გამორიცხულია.

წამლების არასწორ დოზირებას არც მარნეულელი ვეტერინარი გამორიცხავს, ანარ მამიშოვი გამორიცხავს. შემთხვევის ადგილზე გუშინ თავადვე მივიდა და 50-ზე მეტი პირუტყვის გადარჩენა შეძლო.

„მოწამვლა იყო ძალიან ძლიერი. ძროხა შეწამვლის შემდეგ 200 მეტრს ვერ გადიოდა და ძირს ეცემოდა. დამირეკეს, მივედი საქონლის გარეცხვა მოვახერხე, 10 ტონიანი ავზი მივიტანე და თითო-თითოდ დავბანე. სოფლის ბიჭები ძალიან დამეხმარნენ და გავაცოცხლეთ რამდენიმე“ - გვითხრა მამიშოვმა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ წამლები ვეტერინარის გარეშე არ გამოიყენონ, რათა  ასეთი სავალალო შედეგი არ დადგეს.

ელმინ გახაჯოვი იმ ყიზილაჯლოელ ფერმერებს შორისაა, ვისაც გუშინ ყველაზე მეტი პირუტყვი დაეხოცა. როგორც თავად ამბობს ბიზნესის თანხა ბანკიდან აქვს გამოტანილი და ზარალი 100 000- მდე ლარს შეადგენს.

„გუშინ 1-2 საათისკენ დავაბანავე ძროზები და გამოვიყვანე. 40 მეტრი ვერც გაიარეს და ყველა მოკვდა, 10 წუთში დაიხოცნენ. მერე ექიმიც მოვიდა. სულ 130 ძროხა იყო. 61 მოკვდა. ორმოცი ჩემი იყო, ორი მეზობლის, თექვსმეტი ბიძასი - სამიც დღეს მოკვდა.“ - თქვა გახაჯოვმა

დაზარალებულმა პირუტყვის შესაწამლი პრეპარატი მარნეულის ერთ-ერთ აფთიაქში იყიდა. ამ ეტაპზე საკუთარი თავის ან აფთიაქის დადანაშაულება უჭირს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ დოზა ცოტათი გადააჭარბა, თუმცა ასე სხვა შეწამვლის დროსაც იქცეოდა და საქონელს არაფერი მოსვლია. მარნეულის ვეტაფთიაქში, სადაც ფერმერმა წამლი შეიძინა ასეთი პასუხი გაგვცეს

„ბოთლზე აწერია, რომ 10 ლიტრ წყალში 15 გრამი უნდა გახსნა. ეს ნორმალური დოზაა. ამასგან არ დაიხოცებოდა ძროხები. 9 წელია, რაც აქ ვმუშაობ, არ ასდროს ყოფილა ასეთი შემთხვევა. უბრალოდ დოზას გადააჭარბეს. დააბანეს და საძოვარზე გაიყვანეს. დოზის გადაჭარბების გამო მოკვდნენ.“ -თქვა ვეტ-აფთიაქის წარმომადგენელმა ელმირა მუსტაფაევამ

მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები