"მხოლოდ ფორმალური განათლებით ვერ ვუშველით ქართული ენის სწავლებას" - სახალხო დამცველი მარნეულში
დღეს, 13 მაისს, მარნეულს სახალხო დამცველის აპარატი ესტუმრა. შეხვედრა გაიმართა მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან, ჟვანიას სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან,  სადაც დამსწრეებმა ძირითადად ისაუბრეს ენობრივი ბარიერის პრობლემასა და განდერულ საკითხევბზე.

„მთავარი მიზანია ის, რომ აქ მცხოვრები მოქალაქეებისგან შევიტყო ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ვფიქრობ, ძალიან გულწრფელი საუბრები გვქონდა. მაინც მთავარ საკითხად ასახელებენ ქართული ენის სწავლების პროგრამების გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობას  და ნაადრევ ქორწინებას. რამდენიმე ახალი გარემოება გავიგეთ და ამ თემებზე აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“ - გვითხრა ნინო ლომჯარიამ

კიდევ ერთი შეხვედრა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საჯარო სკოლების  მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები. მასწავლებლებმა ხაზი გაუსვეს ენობრივი ბარიერის პრობლემას. თქვეს, რომ ძალიან დიდი გამოწვევაა ქართული ენის სახელმძღვანელოები, რომლებიც ფაქტობრივად არ არსებობს და მოსწავლეებს ენის შესწავლა ურთულდებათ.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მარნეულში ნამდვილად მწვავედ დგას გენდერული საკითხების და ენობრივი ბარიერის პრობლემა, რისთვისაც საჭიროა სისტემური ნაბიჯების გადადგმა.

„პირველ რიგში დღევანდელმა შეხვედრამ რაც დამანახა არის ის, რომ მხოლოდ ფორმალური განათლებით ვერ ვუშველით ქართული ენის სწავლებას და აუცილებელია არსებობდეს და გაძლიერდეს არაფორმალური განათლების მიმართულებით სახელმწიფოს საქმიანობა. მნიშვნელოვანია აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ხშირი კომუნიკაცია და კონტაქტი საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან იმისათვის, რომ მოხდეს უფრო მეტად ინტეგრაცია.“ - თქვა ნინო ლომჯარ
იამ

ლომჯარიას აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია, რათა სახელმწიფო ენა შეისწავლონ და მოხდეს პრევენცია განათლების მიტოვების, განსაკუთრებით გოგონების შემთხვევებში.

„დღეს მე მოვისმინე, რომ საკმაოდ არის დღესაც გავრცელებული სკოლის მიტოვების მაჩვენებელი ნიშნობის თუ გათხოვების გამო. რასაც ხშირად როგორც თემი, ასევე სკოლა მალავს და მე როგორც გავიგე, დანიშნული გოგონები აღარ აგრძელებენ სწავლას და ამას მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაციაც, რაც არის ნამდვილად სავალალო.  ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო სკოლის ადმინისტრაციასთან, პოლიციასთან და ოჯახთან, რაც ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა დღეს,“ - თქვა ნინო ლომჯარიამ

საბირქენდის ქართული ენის  მასწავლებელი  სალომე ქირია შეხვედრას მნიშვნელოვანად აფასებს და ის რეკომენდაციები, რაც სახალხო დამცველის აპარატმა მოისმინა იმედოვნებს, რომ გათვალისწინებული იქნება.

გარეკანის ფოტო აღებულია ომბუდსმენის ფეისბუქ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები