რა ღონისძიებები იგეგმება მარნუელში 26 მაისისთვის
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 101 წლის იუბილის აღსანიშნავად , 26 მაისს, მარნეულში მრავალფეროვანი აქტივობები და საზეიმო კონცერტის გამართვა იგეგმება.

ზუსტად 101 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს დადგენილებით, საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. დამოუკიდებლობა საქართველომ 1921 წლამდე შეინარჩუნა, რის შემდეგაც 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მარნეულში გასამართ ღონისძიებაზე იქნება ბავშვთა სივრცე, ღია კინო, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, მოსასვენებელი სივრცეები და იმუშავებენ ქუჩის არტისტები, რომლებიც კედელს მოხატავენ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო ცქვიტარიამ ჩვენთან საუბრისას თქვა, აქტივობების დასასრულს, 17:10 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

„მთავარი ღონისძიების კულმინაცია არის 17:10 საათზე. ჩოხოსანთა ანსამბლი აზერბაიჯანელ მომღერალთან ერთად შეასრულებს ჰიმნს და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ღონისძიების სტუმრებმაც და მომღერლებმაც ერთად შეასრულოს ჰიმნი.“ - გვითხრა ნინო ცქვიტარიამ

ცქვიტარიას თქმით, ღონისძიებები მარნეულში დაახლოებით 14:00 საათიდან დაიწყება და საღამოს 19:00 საათიდან კონცერტით დასრულდება.

საზეიმო კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა. სამინისტროს კულტურის განყოფილების პიარსამსახურის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას თეატრალური კვერტეტი და ჯგუფი „მგზავრები“ მიიღებენ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები