მიზეზი, რის გამოც მარნეულის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება
მარნეულში 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. თითქმის ერთი წლის განმავლობაში, 2018 წლის ივნისიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის თავკაცის მოვალეობას ზაურ ტაბატაძე ასრულებს. მან ამ პოსტზე 2017 წელს თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თემურ აბაზოვი ჩაანაცვლა.


თემურ აბაზოვი მარნეულის მერი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში იყო. 2018 წლის 14 ივნისს პროკურატურამ მას ბრალად წაუყენა მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედება. საქმე ეხებოდა, 13 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ელჩინ ალაჰვერდიევს საკუთარი შარდით სახის დაბანასა და ოჯახის წევრის გინებას აიძულებდნენ.

ამ ვიდეოს გავრცელებას წინ უძღოდა შვილმკვდარი მამაების, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სალარიძის მხარდამჭერი აქციიდან ელჩინ ალაჰვერდიევის პირდაპირი ეთერი ფეისბუკზე. სოციალურ ქსელში ის ხალხს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა და ბოლოს მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ცოლს და ბიძინა ივანიშვილს შეაგინა.

სისხლის სამართლის საქმე მარნეულის მერის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. 6 სექტემბერს მარნეულის თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებას 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები დაემატა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელებას გულისხმობს.

აბაზოვის სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის. 2018 წლის 13 დეკემბერს ყოფილი მერი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თემურ აბაზოვს მერის უფლებამოსილება ოფიციალურად 2019 წლის 13 თებერვალს შეუჩერდა. ის დროებით, პირველმა მოადგილემ, ზაურ ტაბატაძემ ჩაანაცვლა.

ამავე თემაზე:

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

Print