მერობის კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა არჩევანი გააკეთა
„პარტია ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი N67 უბანზე დაახლოებით 11:00 საათზე გააკეთა. ამბობს, რომ ხმა მარნეულის დემოკრატიულ განვითარებას მისცა.

“ხმა მივეცი მარნეულის მომავალს, მარნეულის იმ მომავალს, რომელიც იქნება დემოკრატიული, ევროპული. დემოკრატიის დანერგვას მარნეულით ვიწყებთ ჩვენ“, - თქვა ახმედ იმამყულიევმა.


მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე მეუღლისა და შვილების გარეშე მივიდა. მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.

„ქართული ოცნება აგრძელებს აგრესიით, მოსყიდვით და ზეწოლით ბრძოლას ჩვენს ამომრჩევლებზე. ჩვენ არ გვეშინია არც „ქართული ოცნების“, არც ივანიშვილის. ჩვენ ერთად დავდგებით, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ“, - განაცხადა რადიო „მარნეულთან“ ახმედ იმამყულიევმა.

მარნეულის მერობის კანდიდატებიდან საკუთარი არჩევანი პარტია „ევროპული საქართველოს“მერობის კანდიდატის გარდა ჯერ არავის გაუკეთებია.

პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი მერის თანამდებობის დაკავებისათვის უკვე მესამედ იბრძვის. პირველი ორი მცდელობა, 2014 და 2017 წლებში, წარუმატებლად დასრულდა.

იმამკულიევის პოლიტიკური კარიერა 2014 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყო, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის კანდიდატი გახდა. 2017 წელს იმამკულიევი „ევროპული საქართველოს“ წევრი გახდა და დღემდე მარნეულის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

2014 წლამდე იმამკულიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა. 2002-2004 წლებში იყო მარნეულის რაიონული გამგეობის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ხოლო 2010-2011 წლებში მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში. იმამკულიევის მიერ 2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის მხოლოდ მიწის ნაკვეთს ფლობს მარნეულში.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი მარნეულელებს მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს ლოზუნგით - „ჩვენი არჩევანი ჩვენი მომავალია“. მისი წინასაარჩევნო დაპირებები ძირითადად სოფლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას შეეხება. იმამკულიევის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, მარნეულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული დარბაზი და საფეხბურთო მოედანი შენდება, მოაგვარდება სასმელი წყლის პრობლემა და მოხდება სოფლებში არსებული პარკებისა და კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია/განახლება. მუნიციპალიტეტში ის საბავშვო ბაღებისა და სკოლების გარემონტებას, ასევე ახალი სასწავლო დაწესებულებების აშენებას აპირებს. სოციალურად დაუცველ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და პენსიონერებს ის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას პირდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იმამყულიევი ასევე სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებას პირდება. მერობის კანდიდატი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების გავლაში დაეხმარება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები