მარნეულის ორ სოფელს სახელი გადაერქვა
მარნეულის რაიონის სოფელ ულიანოვკასა და სოფელ ბუდიონოვკას სახელები გადაერქვა. სოფელ ულიანოვკას ვერხვიანი, ხოლო ბუდიანოვკას მეწამული დაერქმევა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 21 მაისს, ჩატარებულ მარნეულის საკრებულოს სხდომაზე მიღეს.

მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ სოფლებისათვის სახელების შეცვლა საბჭოური სიმბოლიკის გამო გახდა საჭირო.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში შექმნილი იყო მუშა ჯგუფი, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრების გარდა, ასევე შედიოდნენ მეცნიერები, პროფესორები და აკადემიკოსები, რათა გამოსწორებულიყო საბჭოთა სიმბოლიკები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში.“ - განაცხადა ნინო ბერიძემ

საკრებულოს აპარატის უფროსმა ასევე თქვა, რომ საქართველოს მთავრობის გეოგრაფიულ სახელდებათა კომისიამ ჯერ მხოლოდ სოფელ ბუდიონოვკისა და ულიანოვკისათვის მინიჭებული სახელები მოიწონა.

საკრებულოს მიერ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეში სავარაუდოდ ხვალ აიტვირთება, რის შემდეგაც სოფლებს სახელები ოფიციალურად გადაერქმევა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები