ერთადერთმა უსინათლო ამომრჩეველმა ბრაილის შრიფტიან ბიულეტენზე უარი თქვა
55 წლის სურიკ ჩიჩიანი მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ცხოვრობს. ის ერთადერთი უსინათლოა, რომელიც მარნუელის N26 საარჩევნო უბანზეა დარეგისტრირებული.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, უბანზე ხმის მისაცემად მისულ სურიკს კომისიის წევრმა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიულეტენი მისცა, მაგრამ სურიკმა ჩვეულებრივი ბიულეტენი მოითხოვა.

„მივედი არჩევნებზე სკოლაში, მიცნო კომისიის წევრმა და მითხრა, რომ ბრაილის შრიფტს მოგცემო. ავიღე ბიუეტენი ხელში და მერე დავფიქრდი, რომ ახლა ეს რომ შემოვხაზო და ჩავაგდო მერე ყველა მიხვდება თუ ვის მივეცი ხმა.“ - იხსენებს სურკ ჩიჩიანი

სურიკმა 2018 წელს არჩევანი სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც დააფიქსირა. წელს კი, მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, მონაწილეობა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღო.

სურიკი ფიქრობს, რომ ისეთ საარჩევნო უბნებზე, სადაც მხოლოდ ერთი, ან ორი უსინათლოა რეგისტრირებული ბრაილის შრიფტიანი ბიულეტენით არჩევანის დაფიქსირება კარგი არაა.

„მინიმუმ 5 უსინათლო რომ იყოს რეგისტრირებული ერთ უბანზე კიდევ შეიძლება ბრაილის შრიფტით ხმის მიცემა, რადგან გაჭირდება იმის დადგენა თუ ვინ ვის მისცა ხმა, მაგრამ როდესაც მხოლოდ ორი ან სამია, არამგონია კარგი იყოს“ - გვითხრა სურიკ ჩიჩიანმა

55 წლის სურიკისათვის არჩევნებზე ფარული კენჭის ყრის პრინციპი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ გეგმავს მომავალშიც ჩვეულებრივი ბიულეტენით ხმის მიცემას.

რადიო „მარნეული“

Print