ლეჟბადინის მოსახლეობას, სარწყავი წყლის პრობლემის გამო, მოსავლის მოყვანა უჭირს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს. სოფლის მაცხოვრებლები თავიანთ ნაკვეთზე პომიდორს, კიტრს, ბადრიჯანს, ბოლოკს, მზესუმზირას და სხვადასხვა პროტუქტებს თესავენ.

სოფლის მოსახლეობის თქმით, უკვე წლებია რაც მოსავლის მოყვანაში, სარწყავი წყლის გაუმართავი სისტემის გამო, პრობლემები ექმნებათ.

ლეჟბადინელების თქმით, მოსავლის მოსაყვანად სარწყავი წყალია საჭირო და ყოველ წელს, თესვის დროს, მსგავსი პრობლემა ექმნებათ რის გამოც, მოსავალი ცოტაა და ბაზარში გასაყიდად ვერაფერი გააქვთ. ამბობენ, რომ ყოველ წელს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფულს ხარჯავენ, მაგრამ შედეგს ვერ იღებენ.

სოფლის მკვიდრების თქმით, მათ მარნეულის მელიორაციას რამდენჯერმე მიმართეს, სადაც უთხრეს, რომ მდინარე ხრამში მდებარე ელექტროსადგურზე დამატებით ტუმბოს დააყენებდნენ, რის შემდეგაც პრობლემა მოგვარდებოდა. მიუხედავად მლიორაციის დაპირებისა, ლეჟბადინში სარწყავი წლის ტუმბო ჯერ კიდევ არ დაუყენებიათ.

„ორი წელია დაგპირდნენ რომ ტუმბოს დააყენებენ. არ ვიცი როდის მოგვაწოდებენ წყალს. გაუნათლებლებს პოულობენ და თანამდებობაზე ნიშნავენ, იმიტომაც არ აკეთებენ არაფერს.“- გვეუბნება ლეჟბადინელი კაცი

„ჩვენ გვითხრეს, რომ ამ წელს როგორმე მოითმინეთო და მომდევნო წლიდან დამატებით ტუმბოს დავაყენებთო. დაველოდეთ, მაგრამ მდგომარეობას თქვენც ხედავთ. თვეები გავიდა და არაფერიც არ გაკეთებულა. გვითხრეს, რომ "ვოტხოზმა" უნდა მოაგვაროს ეს საქმეო. იქაც მივმართეთ და უფრო უარესი გახდა. 75 ლარს არხის ფულს იღებენ და გვეუბნებიან ელეტრო ქსელებში შეთანხმდით და თვითონ გექნებათ სარწყავი წყალიო“ - ამბობს ლეჟბადინის მკვიდრი

მარნეულის მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელმა ალექსანდრე შუკაკიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ლეჟბადინელებმა ჯერ კიდევ 2018 წელს მიმართეს დახმარების თხოვნით. მაშინ ლეჟბადინის სატუმბო სადგურს 9 800 ლარის ოდენობის დავალიენება ჰქონდა, მელიორაცის „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შუამდგომლობით კი სატუმბო სადგური ჩაირთო.

ალექსანდრე შუკაკიძე განმარტავს, რომ სოფელ ლეჟბადინს სარწყავი წყალი წინა წელს მთელი სეზოის განმავლობაში მიეწოდებოდა, ხოლო იქედან გამომდინარე, რომ წელს მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა, მოსახლეობის ნაწილის დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. მელიორაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი დღე-დღეზე ელოდებიან ტუმბო აგრეგატებს, რომლებსაც სოფელში ჩაიტანენ და დაამონტაჟებენ. აგრეგატების დამონტაჟების შემდგომ კი სოფელს სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

რადიო „მარნეული“


Print