სიახლე
მერის ფეისბუქ გვერდზე ინფრომაცია ორ ენაზე იდება, მერიის გვერდზე კი, არა
აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა მერიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას , მათთვის გასაგებ ენაზე, უკვე 259 დღეა ვერ იღებს. 2018 წლის 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებ გვერდზე აზერბაიჯანულენოვანი ინფორმაციის გამოქვეყნება შეწყდა, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც სიახლეებს აზერბაიჯანულად თარგმნიდა, სამსახური დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის ოფიციალურ გვერდებზე აზერბაიჯანულენოვანი ინფორმაცია აღარ გვხვდება, მარნეულის მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „ზაურ დარგალი მარნეულის მერი“ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეები ორ ენაზეა განთავსებული.

პოსტები, რომლებსაც მარნეულის მერი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, შინაარსობრივად, იმ სიახლეების იდენტურია, რაც მერიის გვერდზეა განთავსებული, მაგრამ მათში მხოლოდ ერთი განსხვავებაა. მერის ფეისბუქ გვერდზე სიახლე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზეა ნათარგმნი, ხოლო მერიის ფეისბუქ გვერდზე მხოლოდ ქართულად.





როგო
რც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, ზაურ დარგალის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი მისი პოლიტიკური გვერდია და ინფორმაციის ორ ენაზე გამოქვეყნებაც დარგალის ინიციატივა იყო. რაც შეეხება მერიის ოფიციალურ გვერდებს, ხაჩიძე ამბობს, რომ ახლადარჩეული მერის ხელმძღვანელობის პირობებში ჯერ არ იცის იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილება და დაიწყებს თუ არა მერიის ოფიციალური საიტი ორ ენაზე ფუნქციონირებას.

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და იგეგმება ერთი თანამშრომლის აყვანა, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის ინფორმაციას. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ ზიარდება მერიის ოფიციალურ გვერდზე უკვე არსებული აზერბაიჯანულენოვანი პუბლიკაციები, დარგალმა ვერ გვიპასუხა და გვითხრა, რომ გვერდზე მოქალაქე ყავდა და ჩვენთან საუბარს ვეღარ გააგრძელებდა.

რადიო "მარნეული"


| Print |