260 დღის შემდეგ პირველი აზერბაიჯანულენოვანი სიახლე მერიის ოფიციალურ გვერდზე
260 დღის შემდეგ მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პირველი ორენოვანიიახლე გამოქვეყნდა.

მერიამ სიახლეების ორ ენაზე გამოქვეყნება რადიო "მარნეულის" მიერ მომზადებული სტატიის შემდეგ დაიწყო.

17 ივნისს მომზადებულ სტატიაში იმის შესახებ იყო საუბარი, რომ ზაურ დარგალის ოფიციალურ გვერდებზე აზერბაიჯანულენოვანი სიახლეები  ვრცელდებოდა, ხოლო მერიის ოფიციალურ გვერდზე სიახლეები მხოლოდ ერთ ენაზე, ქართულად იყო გამოქვეყნებული. 

პოსტები, რომლებსაც მარნეულის მერი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, შინაარსობრივად, იმ სიახლეების იდენტურია, რაც მერიის გვერდზეა განთავსებული, მაგრამ მათში მხოლოდ ერთი განსხვავება იყო. მერის ფეისბუქ გვერდზე სიახლე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე იყო ნათარგმნი, ხოლო მერიის ფეისბუქ გვერდზე მხოლოდ ქართულად.

17 ივნისს ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა თქვა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მუშაობა მიმდინარეობდა და აზერბაიჯანულენოვანი სიახლეების გამოქვეყნება მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ახალ თანამშრომელს აიყვანდნენ.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, ჯერ-ჯერობით ახალი თანამშრომელი არ აუყვანიათ. რაც შეეხება საიტზე სიახლეების ორ ენაზე განთავსებას, ხაჩიძე ამბობს, რომ მათ აიყვანეს პრაქტიკანტი რომელიც მასალების აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებ გვერდზე აზერბაიჯანულენოვანი ინფორმაციის გამოქვეყნება შეწყდა, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელმა, რომელიც სიახლეებს აზერბაიჯანულად თარგმნიდა, სამსახური დატოვა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები