საიმერლოელების პროტესტის შემდეგ სოფელში წყლის სისტემის შეცვლის სამუშაოები, დროებით, შეჩერდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში დღეს, 24 ივნისს, მოსახლეობამ წყლის სისტემის შეცვლა გააპროტესტა.

პროექტის მიხედვით, რომელიც სოფელში ხორციელდება, სრულიად შეიცვლება წყლის მიწოდების სისტემა. წყალსაქაჩი, რომლიდანაც სოფელი ახლა მარაგდება გადაიკეტება, ხოლო საიმერლოელები სხვა წყალსაქაჩის მიერ რეზერვუარებში დაგუბებულ წყალს მიიღებნ.

სოფლის მოსახლეობა დღეს სამუშაოების მიმდინარეობის ადგილას შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნა სასმელი წყლის ისევ იმ წყალსაქაჩიდან მიღებაა, რომელსაც სოფელი უკვე წლებია მოიხმარს.

საიმერლოში სასმელი წყლის სისტემის შეცვლის სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სოფლის მოსახლეობას ეგონა, რომ კომპანია მხოლოდ მილებს ცვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 2015 წელს შემუშავდა და წერეთლის ადმინისტრაციული თემის მერის რწმუნებული შალვა კუპრაშვილი ირწმუნება, რომ სოფლის მოსახლეობას დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა და გადაწყვეტილებები მოსახლეობის ჩართულობით მიიღეს. საიმერლოელები აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფოერამცია, რომ თვითმმართველობა სოფლის სხვა წყალსაქაჩზე მიერთებას გეგმავს.



რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე მერი და იმ კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც სასმელი წყლის სისტემის შეცვლაზე არინ პასუხისმგებლები. მარნეულის მერმა მოსახლეობის მოთხოვნების გაგების შემდგომ განაცხადა, რომ კომპანიასთან ერთად შეეცდება პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას და იმის გაგებას, იქნება თუ არა შესაძლებელი საიმერლოს არსებულ წყალსაქაჩზე დატოვება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა ვერ დააკონკრეტა დრო, როდესაც მოსახლეობას საბოლოო გადაწყვეტილებას გააცნობს.

ამ ეტაპზე, სოფელ საიმერლოში სასმელი წყლის სისტემის შეცვლის სამუშაოები შეჩერებულია და მოსახლეობა მერიის პასუხს ელოდება.




ადიო „მარნეული“

Print