„0%-იანი ბარიერი იგივე მაჟორიტარობაა“ - აზერ სულეიმანოვი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
"0%-იანი ბარიერი იგივე მაჟორიტარობა არის. ყველა მაჟორიტარს რეგიონებში დაახლოებით 12-13 000 ხმა უნდა. 0%-იანი ბარიერის პირობებშიც იგივე რაოდენობის ხმაა საჭირო ერთი დეპუტატისათვის". - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი რადიო "მარნეულთან" საუბრისას.

აზერ სულეიმანოვის თქმით, 2020 წელს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარება მხოლოდ ივანიშვილისათვისაა კარგი - "ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ 2020 წელს ისევ იმ შემადგენლობით იყოს პარლამენტი".

დეპუტატი ამბობს, რომ მომდევნო წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ხალხის გამარჯვებაა, მიუხედავად იმისა, რომ ის 0%-იანი ბარიერით გაიმართება.

საკონსტიტუციო რეფორმით, პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო. 2019 წლის ივნისის აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. 24 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, მაგრამ 0%-იანი ბარიერით ჩატარდება. მმართველ პარტიას ამ ეტაპზე არ გაუკეთებია განმარტებები, თუ რატომ გადაწყვიტა 2020-ის არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარება.

რადიო "მარნეული"

Print