ტუმასიანის და ქაზუმოვის ერთობლივი გამოსვლა - ზევით აწეული ხელები სოლიდარობის ნიშნად
14:49 / 25.06.2019
24 ივნისს, რუსთაველზე გამართულ აქციაზე ერთობლივი გამოსვლა ჰქონდათ
აზერბაიჯანული თემის და სომხური თემის წარმომადგენლებს, რომლებმაც
ტრიბუნიდან მიმართეს საზოგადოებას და აღნიშნეს, რომ საქართველოს
თავისუფლებისთვის ბრძოლას ეთნოსი არ გააჩნია.
„დღეს ჩემთან ერთად დგას ამ ქვეყნის პატრიოტი
შვილი, გულანთებული გიორგი ტუმასიანი და ჩვენი დღეს ერთად გამოსვლა
გახლავთ სიმბოლო ჩვენი მოქალაქეების ერთობისა. ვერავინ ვერ დაშლის
საქართველოს მოქალაქეთა ერთიანობას“ - თქვა გამოსვლისას
ოქტაი ქაზუმოვმა.
ქაზუმოვმა და თუმასიანმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ერთობის და
სოლიდარობის ნიშნად ზევით ასწიეს.
„ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი მრავალფეროვნება, ის,
რომ ყველა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფი და ის, რომ ყველა მოქალაქე
ერთად დგას, ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა არის
ერთსულოვანი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვაში. -
თქვა გიორგი ტუმასიანმა
აღსანიშნავია, რომ თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე საპროტესტო აქციები 20
ივნისიდან დაიწყო . რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი სხვა
ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში
მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსეთის დუმის დეპუტატმა
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ
ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.