"28 წელი ველოდებოდით ამ დღეს“ - ეკომიგრანტებს სახლის მშენებლობაზე ნებართვა მისცეს

მარნეულიში 31 ეკომიგრანტ ოჯახს სახლების მშენებლობის ნებართვაზე წერილობითი თანხმობები გადასცეს.

ეკომიგრანტები მარნეულში საჩხერეში მომხდარი მიწისძვრის დოს გადმოასახლეს. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და გაუსაძლის პირობებთან გამკლავება დღემდე უწევთ. სასმელი წყლით და ბუნებრივი აირით არც ისე დიდი ხანია სარგებლობენ. სახლების მშენებლობაზე საუბარი 4 წლის წინ დაიწყო.

„ახდა ჩვენი დიდი ხნის ოცნება, 28 წელი ველოდებოდით ამ დღეს. ამ მთავრობს დროს, არჩევანი მოგვცეს ან ბინები უნდა აგვეღო, ან კერძო სახლებს დავთანხმებულიყავით. ნაწილმა ბინები გადაწყვიტა. ჩვენ კერძო სახლებზე ვთქვით თანხმობა. იმიტომ, რომ ჩვენ ერთი სოფელი ვართ, 80% ერთი გვარის ვართ, ერთმანეთის ჭირი და ლხინი ვიცით და გვინდოდა ქართული სოფელი აშენებულიყო“ - გვეუბნება რიტა ბერიძე, რომელიც ამჟამად მარნეულში, ელევატორის დასახლებაში ცხოვრობს.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვნად შეაფასა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

„ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენ მოქალაქეებთან ერთად ვიყავით. გადავეცით მშენებლობის ნებართვები. ეს არის ისტორიული დღე. მე ვხედავდი თუ რა სირთულეებში ცოვრობდნენ ისინი. ეს არ არის მარტო სახლები, აქ აშენდება საბავშვო ბაღი, ამბულატორია. ასევე, იგეგმება ფერმის შექმნა, რომ ამ ხალხს შემოსავალიც ჰქონდეს.“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ პროექტში არაერთი უწყებაა ჩართული.

„პროექტი დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ. 10 მილიონი ევროა გამოყოფილი საქართველოში დევნილთა განსახლებისთვისთვის და ამ პროექტს ახორციელებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭო . ჩართულია ყველა უწყება, ვისაც აქვს შეხება ამ პროექტთან. ბუნებრივია , თვითმმართველობა და გუბერნია აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უშუალო კონტროლით ხდება განსახლება. 31 ოჯახი უახლოეს მომავალში მიიღებს კარგ საცხოვრებელს შემდგომი საარსებო წყაროების უზრუნველყოფით“ - გვითხრა შოთა რეხვიაშვილმა

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, სახლების მშნებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ღონისძიება, მარნეულის მერიაში გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან.


აღსანიშნავია, რომ სახლების მშენებლობა პროექტ „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“– ის ფარგლებში მოხდება. რომლის დონორიც გახლავთ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KfW), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა.

Print