მარნეულში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

დღეს, 5 ივლისს, მარნეულის კულტურის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.


რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოსახლეობის კულტურის პოპულარიზაცია. როგორც რადიო "მარეულთან" საუბრისას სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა  ზაურ ხალილოვმა თქვა, ფორუმის ძირითადი თემა მოხალისეობას შეეხება, ვინაიდან, ახალგაზრდებისათვის საინტერეოა მოხალისეობრივი ინიციატივები.

„მარნეულში უკვე მეორედ ვატარებთ ამ ფორუმს, სადაც წარმოდგენილია შვიდივე მუნიციპალიტეტი. ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოქმედებს ქვემო ქართლში. განსაკუთრებით ახალგაზრდული ორგანიზაციები. ჩვენ გვინდა, პირველ რიგში ყველა რეგიონის ახალგაზრდული ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს გავაცნოთ და სამომავლო გეგმები დასახონ
“ - გვითხრა ზაურ ხალილოვმა.

ფორუმის დაწყებისას სიტყვით გამოვიდა სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში დომინიკა სკუბიდა, რომელმაც ღონისძიება მნიშვნელოვნად შეაფასა.

ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი არის ამ რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. ამ ღონისძიებით ჩვენ ვცდილობთ ავამაღლოთ ცოდნა რეგიონებში  სამოქალაქო ჩართულობის აუცილებლობაზე და ავხსნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მიღება“ - გვითხრა დომინიკა სკუბიდამ.

დღევანდელ ფორუმზე ერთ-ერთი მომხსენებელი მთარგმნელი და ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვი იყო, რომელმაც მოხალისეობის არსზე, მოხალისეობის კულტურაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ამბობს, რომ მოხალისეობა ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისათვის.

“მოხალისეობა სწორედ არის ის მომენტი, როდესაც უსასყიდლოდ, უანგაროდ შეგნებიდან გამომდინარე ეხმარები და შენი წვლილი შეგაქვს საზოგადოების განვითარებაში.  ზოგადად რეგიონში ჩამოსვლა, პროექტების ჩამოტანა და მსგავსი ფორუმების ჩატარება აქტიური დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან ბევრი რამის გადამწყვეტია. პირველი არის ის რომ ჩვენ მათ ვაგრძნობინებთ, რომ სულაც არ არიან მიტოვებულები, მეორე ის რომ მათი აზრიცაა ჩვენთვის გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი. სწორედ აქედან გამომდინარე შეგვეძლება შევქმნათ ის საზოგადოება რომელიც იქნება სოლიდარულად პასუხისმგებელი ამ ქვეყნის წინსვლაზე“
- თქვა ოქტაი ქაზუმოვმა.

ფორუმში 25- მდე ადგილობრივი ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობა. რომლებიც გარემოს დაცვის, გენდერის, ბავშვთა უფლებების, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის  საკითხებზე , ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე მუშაობენ.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები