ყიზილაჯლოში სამშენებლო მაღაზიებს მერიამ გარევაჭრობა აუკრძალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სამშენებლო მასალის მაღაზიებს მარნეულის მერიამ გარეთ განთავსებული სავაჭრო მასალა ობიექტების ტერიტორიაზე შეატანინა.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 25 კომერციულ ობიექტს სამშენებლო მასალა გზის პირას ჰქონდა განთავსებული, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობას საფრთხე ექმნებოდა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა გიორგი თოლორდავამ თქვა, მერიამ სავაჭრო ობიექტებს გონივრული ვადა მისცა, რათა მათ სამშენებლო მასალა ობიექტის ტერიტორიაზე გადაეტანათ.

„სავაჭრო მასალის მოცულობიდან გამომდინარე, გონივრული ვადა 3-დან 7 დღემდე მერყეობდა. მერია არ იყო მოწოდებული იმისაკენ, რომ დაეჯარიმებინა მოვაჭრეები. ჩვენ სურვილი გვქონდა, რომ ის საფრთხისშემცველი პრობლემა რაც ამ ცენტრალურ მაგისტრალზე იდგა აღმოფხვრილიყო“ - თოლორდავა განმარტავს, რომ ყველა მოვაჭრე მერიის მიერ მიცემულ გაფრთხილებას დაემორჩილა, რის გამოც არც ერთი მათგანის დაჯარიმება საჭირო არ გახდა.


სამშენებლო მასალის სავაჭრო ობიექტი სოფელ ყიზილაჯლოში

ერიის გადაწყვეტილებას სავაჭრო ობიექტის მფლობელთა განსხვავებული აზრი მოჰყვა. მოვაჭრეთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მერიამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ყიზილაჯლოში გზისპირა ტერიტორია გასუფთავდა და გალამაზდა, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, მერიის გადაწყვეტილება მათ ბიზნესს ხელს შეუშლის.

ჰუსეინ მირზაევი უკვე 20 წელია ყიზლაჯლოში ვაჭრობს. „ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით ხელისუფლებას. გვითხრეს და გავაკეთეთ, ალბად ასე იყო საჭირო“ - გვეუბნება ჰუსეინი და აღნიშნავს, რომ მერიის გადაწყვეტილების შემდეგ სავაჭრო ობიექტების მიდებარე ტერიტორია გაიწმინდა და უფრო ლამაზი გამოჩნდა.

ჰუსეინის მსგავას მერიის მოთხოვნას დაემორჩილა რაშად ისმაილოვი, მაგრამ ამბობს, რომ თვითმმართველობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო - „მთელი სამუშაო გაჩერდა. არაფერს არ უშლიდა ხელს ჩემი მასალა, სადაც მეწყო იმის იქით კიდევ სამი მეტრი იყო გზამდე, სხვა ობიექტებს კი ზედ გზის პირას ეწყო საქონელი. ახლა კლიენტები საერთოდ აღარ მყავს, მასალას ვეღარ ხედავენ და არ აჩერებენ“.

დღეისათვის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე მდებარე მაღაზიებს სავაჭრო პროდუქტი გარეთ აღარ აქვთ გამოტანილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მერიის ზედამხედველობის სამსახური კანონდარღვევას კვლავ დააფიქსირებს, სავაჭრო ობიექტიები 1 000-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.

რადიო „მარნეული“

Print