მარნეულის მერია ახალგაზრდული ბანაკის მოწყობაში 20 000 ლარს დახარჯავს
ახალგაზრდული ბანაკის მოწყობის ორგანიზების შესასყიდად მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 20 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, რომელიც მერიამ დღეს, 17 ივლისს, გამოაცხადა, ახალგაზრდული ბანაკი 2019 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოეწყოს, რომელში მონაწილეობის მიღებაც 200 ახალგაზრდას შეეძლება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში გასამართ ბანაკში ახალგაზრდები მონაწილეობას 4 ნაკადად მიიღებენ, თითოეული ნაკადი 15-დან 25 წლამდე ორმოცდაათი ადამიანისაგან იქნება დაკომპლექტებული.

სატენდერო წინადადების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ახალგაზრდების განსათავსებელი ადგილი, ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით და სივრცეების მოძიება სადაც ჩატარდება სატრენინგო და სპორტული აქტივობები. ასევე, მისი მხრიდან მოძიებულ უნდა იქნას ფართი, რომელიც დააკმაყოფილებს ჰიგიენური ნორმების მოთხოვნებს, სადაც შესაძლებელი იქნება ბანაკის მონაწილეთა ერთობლივი კვება.

სატენდერო წინადადება გამარჯვებულ კომპანიას ავალდებულებს, რომ ბანაკის თითოეული ნაკადის დაწყებისა და დამთავრების მინიმუმ 2 საათიანი ღონისძიება გაიმართოს, რომელზეც 3-მა ცნობილმა მომღერალმა მაინც უნდა იმღეროს. ასევე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას, ბანაკის მიმდინარეობისას, ყოველდღიურად, დილის 10:00 საათიდან – საღამოს 22:00 საათამდე დაგეგმოს და განახორციელოს კულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, არანაკლებ 3 კარაოკე-ფართი, არანაკლებ 3 სპორტული შეჯიბრება და არანაკლებ 1 პოეზიის საღამო მოწვეული პოეტის მონაწილეობით, და ამასთანავე უზრუნველყოს ყველა ღონისძიება საჭირო რესურსით.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მგზავრობა მარნეულიდან-წერაქვამდე და წერაქვიდან-მარნეულამდე ტენდერის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

კომპანიებს, რომლებიც მერიის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდული ბანაკის მოწყობის ორგანიზების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ სატენდერო წინადადებების წარდგენა 23-დან 25 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები