რას ფიქრობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წევრი გოგებაშვილის "დედა ენის" სკოლებში დაბრუნებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" დაბრუნდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მაგალითად,  განათლების საკითხებში  ექსპერტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ "100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს". იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნებას მავნებლურს უწოდებს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი  ლევან ბერძენიშვილი.

რადიო „მარნეულმა“ საკითხში უკეთ გასარკვევად ინტერვიუ ჩაწერა მასწავლებლის ეროვნული  ჯილდოს წევრ, ქართული ენის მასწავლებელთან, გიორგი ჭაუჭიძესთან, რომელსაც ახალ სახელმძღვანელოზე გარკვეული  წარმოდგენა შარშანდელი ვერსიიდან გამომდინარე აქვს.  

შეფასება სკოლებში იაკობ გოგოებაშვილის “დედა ენის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით


-        იაკობ გოგებაშვილის მიხედვით შედგენილი "დედა ენის" სახელმძღვანელოები დღემდე არის მოქმედი. შარშანაც  მიიღო გრიფი მსგავსმა სახელმძღვანელომ და სკოლებს შეეძლოთ აერჩიათ. რაც შეეხება ახალ სახელმძღვანელოს, რომელიც გუშინწინ გამოაცხადეს,  რომ უნდა დაიბეჭდოს, არის ერთი ჯგუფის მიერ შედგენილი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით დაბეჭდილი. ერთ-ერთი არის ეს ვერსია, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული და დაბეჭდილი არ არის. შარშან კონკურსზე მონაწილეობდა და რაც მახსოვს, მართლაც ყველაზე უფრო ჰგავს ეს სახელმძღვანელო გოგებაშვილის ვერსიას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას  რომ მხოლოდ ეს არის - მათ შორის შარშან გრიფმინიჭებული. რაც შეეხება თვითონ გოგებაშვილის „დედა ენას“ და მის პრინციპებს მე რამდენადაც შესწავლილი მაქვს ეს საკითხი, გოგებაშვილის პრინციპები, პუბლიცისტიკა, პედაგოგიკა განათლების შესახებ არის სხვა რამე და ცალკე უნდა განვიხილოთ. გოგებაშვილის მიერ შედგენილი "დედა ენები" არის სხვა რამე. როდესაც გოგებაშვილი ფიქრობდა სხვადასხვა მეთოდის მიდგომის თუ სტრატეგიის შესახებ და ეს მეთოდები თავის სახელმძღვანელოში გადაჰქონდა, ის ითვალისწინებდა მაშინდელი მასწავლებლების კვალიფიკაციას. და მაშინდელი მოსწავლეების გარემოს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს, რაც აბსოლუტურად განსხვავებულია დღეს. ხომ ვთანხმდებით იმაში, რომ დღევანდელმა მასწავლებლებმა ცოტათი უფრო მეტი რამე მაინც იციან ვიდრე, 100 და 150 წლის წინანდელმა მასწავლებლებმა. როცა საქართველოში უმაღლესი განათლება არ არსებობდა. დღევანდელი მოსწავლეებიც ხომ განსხვავდებიან მაშინდელი მოსწავლეებისგან? დღეს რამხელა ინფორმაციას იღებს ბავშვი სანამ სკოლაში შევა. მაშინდელ სახელმძღვანელოს რომ შევიტანთ სკოლაში ეს იქნება თუ არა  გოგებაშვილის პრინციპებზე წასვლა? - მე მგონია, რომ იქნება.

ჩაანაცვლებს თუა რა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" სრულად დღემდე მოქმედ სახელმძღვანელოებს


-         ეს არ ნიშნავს იმას, რომ "დედა ენის" ეს ვერსია (ახალი ვერსია) ჩაანაცვლებს რომელიმე მოქმედ სახელმძღვანელოს. ის არჩეული სახელმძღვანელოები , რომელიც ჰქონდათ სკოლებს ისინი ჩვეულებრივად რჩებიან სკოლებში სასწავლო რესურსად, იმით მიმდინარეობს სწავლება. უბრალოდ, მთავრობა როგორც მნიშვნელოვან ძეგლს ამ სტატუსით ბეჭდავს და საჩუქრად  ურიგებს სექტემბერში მოსწავლეებს და შესაძლებელი იქნება ეს დარიგეული საჩუქრები მასწავლებლებმაც გამოიყენონ, როგორც დამხმარე სასწავლო რესურსი.


„საჩუქრის“ (დედა ენა) გამოყენება სასწავლო პროცესში


-         როგორ გამოვიყენებთ მაგას გადაწყვეტს სკოლა, მასწავლებელები, არ ვიცი რა რეკომენდაციები შეიძლება ჰქონდეთ განათლების სამინისტროდან. ვფიქრობ, მაგას წინასწარ ვერც ვერავინ გეტყვით ამას კონკრეტულად სკოლა და მასწავლებელი გადაწყვეტს,  რამდენადაც მე ვიცი ამ ეტაპზე.


იაკობ გოგებაშვილის იდეის განხორციელება თანამედროვე სასწავლო სისტემაში


-         აკობ გოგებაშვილს ჰქონდა საოცრად პროგრესული იდეები და შეხედულებები დღევადელი გადასახედიდანაც, რომელსაც  მეტნაკლებად იყენებდა თავის მიერ შედგენილ "დედა ენის" სახელმძღვანელოებში.  რადგანაც ის ითვალისწინებდა ერთი მხრივ მასწავლებელთა კვალიფიკაციას, რაც არ აკმაყოფილებდა გოგებაშვილს, მეორე მხრივ კი ითვალისწინებდა მოსწავლეთა მზაობას. შესაბამისად, ის, რაც არის ასახული გოგებაშვილის "დედა ენის" სახელმძღვანელოებში, ეს არ არის გოგებაშვილის პრინციპები და სულისკეთება მთლიანად. არის მხოლოდ ნაწილობრივ.  დღეს თუ მოხდება მისი ნამდვილი იდეების რეალიზება ძალიან კარგი იქნება და ამ მხრივ მუშაობა იქნება საჭირო და არის გასაკეთებელი კიდევ ბევრი რამეა . - გვითხრა ქართული ენის მასწავლებელმა გიორგი ჭაუჭიძემ.

სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია 2019-2020 სასწავლო  წელს ყველა პირველკლასელს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არაქართულენოვან სკოლებზე არ ვრცელდება. 


Print