მარნეულელი აქტივისტები ბიბლიოთეკაში პარტიული ნიშნით დასაქმებაზე საუბრობენ
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი თანამშრომელი ჰყავს. ნარგიზა ალიევამ გუშინ, 22 ივლის, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამბობს, რომ მან მუშაობა მარნეულის მერიაში დაიწყო.

ალიევას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი განმარტავს, რომ ნარგიზა ალიევა პარტია "ქართული ოცნების" წევრია და მისი დასაქმება სწორედ პარტიულობიდან გამომდინარეობს.

მარნეულელი სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი რაშან ზიადალიევი რადიო "მარნუელთან" საუბრისას ამბობს, რომ ალიევამ 2016 წლიდან ყველა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და პარტიის სახელით ქალ ამომრჩევლებთან შეხვედრებს ხშირად ატარებდა. ზიადალიევის თქმით, მისი პროტესტი საჯარო სტრუქტურაში პირის გაუმჭვირვალედ დასაქმებამ გამოიწვია, რადგან მოსახლეობას არ ჰქონია ინფორმაცია მარნეულის ბიბლიოთეკაში არსებული ვაკანტური პოზიციის შესახებ და ის ფაქტიც, რომ ალიევა ქართულად ვერ საუბრობს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის პარტიული ნიშნითაა დასაქმებული.

"ძალიან აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, ქალებთან ატარებდა შეხვედრებს და არჩევნებიდან დაახლოებით 1 თვეში დაიწყო მუშაობა ბიბლიოთეკაში. ეს უკვე არაა ნორმანული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ესეთი პროცესები ხელს უშლის რეგიონალური დემოკრატიის განვითარებას და შესაბამისად საქართველოში ზოგად დემოკრატიულ განვითარებას" - გვითხრა რაშან ზიადალიევმა

ნარგიზა ალიევას პარტიულ აქტივიზმს რადიო "მარნეულში" გამოქვეყნებული სტატიებიც მოწმობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალიევა "ტკბილი სუფრის" ფარგლებში მარნეულელ ქალებთან ატარებდა შეხვედრებს და სალომე ზურაბიშვილს აგიტაციას უწევდა.

ჩვენ დავუკავშირდით ალიევას რათა გაგვერკვია, თუ რა პროცედურები გაიარა მან სამსახურის დაწყებამდე და გაგვეგო თუ რას ფიქრობს სოციალურ ქსელში გამოთქმულ ვარაუდზე, რომ მან მუშაობა პარტიული ნიშნით დაიწყო. საუბრის დაწყებისას ნარგიზა ალიევამ რუსულად გასაუბრება გვთხოვა, დასაქმების პროცედურებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა და მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გადაგვამისამართა, რაც შეეხება ბრალდებას, რომ მან მუშაობა "ქართული ოცნების" წევრობის გამო დაიწყო, განმარტავს, რომ 16 წლიანი სამოქალაქო აქტივიზმის შემდეგ მან სამსახური დაიმსახურა.

"ბიბლიოთეკაში წიგნების დამკომპლექტებელად დავიწყე მუშაობა. წიგნების მიღება, დახარისხება და სხვა რაღაცეები მევალება. ეს არც ისე დიდი პოზიციაა რომ ამაზე რამე დაწეროთ, მინისტრის მოადგილე არ გავმხდარვარ, ეს პატარა პოზიციაა" - გვითხრა ნარგიზა ალიევამ

რადიო "მარნეული" ამ დრომდე ცდილობს მარნეულის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან დაკავშირებას რათა გავარკვიოთ თუ რა ეტაპები გაიარა ნარგიზა ალიევამ მუნიციპალურ ა.ა.ი.პ-ში დასასაქმებლად. ბიბლიოთეკის დირექტორი ამ დრომდე ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ინფორმაციის მოპოვებისთანავე გაცნობებთ თუ რას გვიპასუხებენ მარნეულის ბიბლიოთეკასა და მერიაში.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები