„ყველაზე რეალური რაც შეგვიძლია ეს არის ბანკებთან მოლაპარაკება სესხებზე“ - მარნეულის მერი 11 ივლისს სტიქიით დაზარალებულებზე
11 ივლისს მარნეულში მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 391 სახლის სახურავი და 220 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაზიანდა მარნეულის მერიამ მთავრობას შესაბამისი კომისიის დასკვნა გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს აანაზღაურებს თუ არა მიყენებულ ზარალს.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია გადაგზავნილია.

„ველოდებით მთავრობის განკარგულებას, რომლის შემდეგაც ჩვენ უკვე დავიწყებთ სახურავების პრობლემის მოგვარებას. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ამ მიმართულებითაც ველით მთავრობის გადაწყვეტილებას.“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სახურავების შეკეთება მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო მიწების ზიანის ანაზღაურება.

„ყველაზე რეალური რაც შეგვიძლია ეს არის ბანკებთან მოლაპარაკება სესხებთან დაკავშირებით. ასევე, ვმუშაობთ დაზარალებული მიწების გადასახადისაგან განთავისუფლების საკითხზე. რაც შეეხება ოჯახების კონკრეტულ დახმარებებს, ამ ეტაპზე ვერაფერ კონკრეტულს ვერ გეტყვით“ - ამბობს ზაურ დარგალი

ხიხანი, შაუმიანი, იმირი, წითელსოფელი, საიმერლო ეს ის სოფლებია, რომლებიც ძლიერმა სეტყვამ 11 ივლისს დააზარალა.

რადიო „მარნეული“

Print