ძლიერმა ქარმა სოფელ საიმერლოში 8 საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი საიმერლო გუშინ, 31 ივლისს, მეორედ დაისეტყვა. როგორც ჩვენთან საუბარში საიმერლოს რწმუნებულმა შალვა კუპრაშვილმა თქვა, ის ადგილზე გაეცნო სიტუაციას. მისი თქმით,  რვა საცხოვრებელ სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა. „ყველას არ აქვს მთლიანად ახდილი სახურავი, არის ნაწილობრივ დაზიანებული სახურავებიც“ - ამბობს შალვა კუპრაშვილი

სოფელში ასევე დაიხოცა პირუტყვი, რომელსაც  ხე დაეცა. რაც შეეხება სახნავ-სათეს მიწებს, კუპრაშვილის თქმით, პირველმა სტიქიამ 11 ივლის დიდი ზარალი მიაყენა, თუმცა გუშინდელმა სეტყვამ და ქარმა სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა.

მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა საიმერლოში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსში ადა ამ ეტაპზე მონაცემების დაზუსტების პროცესში არიან. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რადიო „მარნეულის“ არსებული ინფორმაციით, 31 ივლისს ძლიერი ქარი და  სეტყვა წითელსოფელში, ქუთლიარსა და დიდმუღანლოშიც დაფიქსირდა. ქარმა აღნიშნულ სოფლებში ხეები მოგლიჯა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველი სტიქია 11 ივლისს მოხდა. რომლის შედეგადაც 391 სახლის სახურავი და 220 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაზიანდა მარნეულის მერიამ მთავრობას შესაბამისი კომისიის დასკვნა გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს აანაზღაურებს თუ არა მიყენებულ ზარალს.

ხიხანი, შაუმიანი, იმირი, წითელსოფელი, საიმერლო ეს ის სოფლებია, რომლებიც ძლიერმა სეტყვამ 11 ივლისს დააზარალა.








Print