„საკრებულოს პასუხიდან გამომდინარე, თითქოს, ენოვრივი ბარიერის პრობლემა რეგიონში არ არსებობს“ - მარნეულელი აქტივისტი
მარნეულელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საკრებულოდან მიღებული წერილით უკმაყოფილოა. ისინი განცხადებით ითხოვდნენ, რომ მარნეულის მერიისა და საკრებულოს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეები და განცხადებები, ქართულ ენასთან ერთად, აზერბაიჯანულ ენაზე გადაითარგმნოს. წერილის პასუხი ჯერჯერობით მხოლოდ საკრებულოსგან მიიღეს. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მარნეულელი აქტივისტი რაშან ზიადალიევია. მიიჩნევს, რომ საკრებულომ განცხადებაზე შეუსაბამო პასუხები გასცა

“ჩვენს განცხადებაში სხვადასხვა მოთხოვნები გვქონდა მაგრამ პასუხად მივიღეთ საკრებულოს მხრიდან ის, რომ თითქოს, ენობრივი ბარიერის პრობლემა  რეგიონში არ არსებობს. იმიტომ, რომ ფუნქციონირებს სხვადასხვა პროგრამები - ქართული ენის სახლი არსებობს მარნეულში, ასევე ჟვანიას სკოლა ფუნქციონირებს. ვფიქრობ, რომ არ იციან რა სიტუაცია არსებობს დღესდღეობით მარნეულში. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ცინიზმია. ჩვენი მოთხოვნა სულ სხვა რამე იყო და მათი პასუხი სულ სხვაა“ - გვითხრა რაშან ზიადალიევმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში განსაზღვრულია ის სამართლებრივი ნორმები რომლის დაცვითაც მუნიციპალიტეტს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზეც გაავრცელოს.

„ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდზეც და ოფიციალურ სოციალურ გვერდზე სახელმწიფო ენაზე განთავსებული ინფორმაცია, გადაითარგმნოს აზერბაიჯანულ ენაზეც, იმისთვის რომ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

აქვე გვინდა განვმარტოთ რომ, ჩვენი მოთხოვნა არ ემსახურება სახელმწიფო ენის დაკნინებას ან მისი სრულფასოვანი ცოდნის მნიშვნელობის უგულებელყოფას. მეტიც, ვთვლით რომ ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა და პოზიტიური ნაბიჯები გასაძლიერებელია რაც აღმოფხვრის სახელმწიფო ენის ცოდნის ჩავარდნას აზერბაიჯანულ თემში თუმცა მიგვაჩნია, რომ როდესაც ვსაუბრობთ, ინტეგრაციაზე საჭიროა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების მიზნით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის უზრუნველყოფა იქნება.“
- წერია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.



საინიციატივო ჯგუფის განცხადებაზე მიღებული პასუხში  შეიძლება ითქვას, რომ არაფერია ნათქვამი მთავარ კითხვაზე, რაც უშუალოდ საკრებულოს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეების და განცხადებების, ქართულ ენასთან ერთად, აზერბაიჯანულ ენაზე გადაითარგნას გულისხმობს. რადიო „მარნეული“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მამუკა ნავერიანს დაუკავშირდა, რათა საკითხზე მათი პოზიცია მოგვესმინა. ნავერიანი საკითხის ღრმად შესწავლას და კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.

საინიციატივო ჯგუფი ახლა მერიის პასუხის მოლოდინშია. საერთო პასუხების შეჯამების შემდეგ კი სხვა სამართლებრივ მექანიზმებს განიხილავენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები