მარნეულში სტიქიით განადგურებული სახურავებისთვის 1 200 000 ლარი, სახნავ-სათესი მიწებისათვის კი არაფერი გამოიყო
საქართველოს მთავრობამ მარნეულში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად , მათთვის ვისაც სახლის სახურავი დაუზიანდა, 1 200 000 ლარი გამოყო.

ამის შესახებ ინფორაცია ცნობილი დღეს, 8 აგვისტოს გამართულ მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე საუბრისას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ იმ ოჯახებს, რომელთა სახლების სახურავის 30%-ზე მეტი დაზიანდა, საქართველოს მთავრობის დახმარებით გადასახურ მასალას შეუძენენ.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს სტიქიის შედეგად განადგურებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შესახებ კითხვა დაუსვა საკრებულოს წევრმა რომან ტაბატაძემ. წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარს აინტერესებდა თუ რა ეტაპზეა ბანკებთან მოლაპარაკების საკითხი აგროსესხების გადავადებასთან დაკავშირებით.

საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება შეასრულა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დაითვალა ზარალი და შესაბამისი მონაცემები გუბერნიას გადასცა, ამ ეტაპზე კი ბანკებთან მოლაპარაკებებს უშუალოდ გუბერნია აწარმოებს.

რადიო "მარნეული"

Print