საიმერლოელების პროტესტის შედეგად, სოფელს წყალი კვლავ არსებული ჭაბურღილიდან მიეწოდება
საიმერლოში სასმელი წყლის მიწოდების სისტემა არ შეიცვლება. მარნეულის მერმა რადიო „მარენულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საიმერლოელები სასმელ წყალს კვლავ არსებული ჭაბურღილიდან მიიღებენ.

ზაურ დარგალის თქმით, კომპანიამ, რომელიც წყლის სისტემის შეცვლაზეა პასუხისმგებელი განაცხადა, რომ მზად არიან საიმერლოს სასმელი წყალი კვლავ არსებული ჭაბურღილიდან მიაწოდოს.

დღეს, 9 აგვისტოს, საიმერლოში წყლის სისტემის შეცვლაზე პასუხისმგებელი კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდებიან და პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს გააცნობენ. მოსახლეობასთან შეხვედრა 15:00 საათზეა დაგეგმილი.

საიმერლოს მოსახლეობამ წყლის სისტემის ცვლილება მას შემდეგ გააპროტესტა, რაც გაიგო, რომ მერია სოფლში ამ დრომდე არსებულ წყალსაქაჩს გადაკეტავდა, საიმერლოელები კი სასმელ წყალს რეზერვუარებიდან მიიღებდნენ.

მოსახლეობა განმარტავდა, რომ წლების განმავლობაში სოფელი ერთ და იმავე წყალსაქაჩზე იყო მიერთებული და ისინი სასმელი წყლის ხარისხითა და მიწოდების სიხშირით კმაყოფილები არიან. მერიის წარმომადგენლები კი სოფლის მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ რეზერვუარებში დაგუბებული წყალი ჭაბურღილიდან პირდაპირი სისტემით მიწოდებულ წყალზე ხარისხიანი იქნებოდა.

საბოლოოდ საიმერლოელების პროტესტმა შედეგი გამოიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 ივნისს შეჩერდა.

რადიო „მარნეული“

Print