მერმა საიმერლოელებს წყლის სისტემის ცვლილების ორი ვარიანტი შესთავაზა
დღეს, 9 აგვისტოს, მარნეულის მერმა სოფლე საიმერლოს მოსახლეობასთან სასმელ წყალთან დაკავშირებული შეხვედრა გამართა.

ზაურ დარგალმა მოსახლეობას, სასმელი წყლის სისტემის შეცვლაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან მოლაპარაკების შემდეგ, პროექტის განხორციელების ორი გზა გააცნო.

მერიის ინიციატივით, ამ ეტაპზე დაიწყება წყლის სისტემის შეცვლის სამუშაოები, რომლებიც 24 ივნისს გამართული აქციის შემდეგ შეჩერდა. მოსახლეობას კი კვლავ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს თუ რომელი წყალი იქნება მათთვის მისაღები.

„კომოანიასთან მოლაპარაკების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საიმერლოში წყალსაქაჩზეც იქნება შესაძლებელი მიერთება და ავზზეც, რომლიდანაც 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდებათ წყალი“ - განაცხადა ზაურ დარგალმა მოსახლეობასთან შეხვედრისას

მარნეულის მერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საჭიროა სოფლის მოსახლეობამ გადაწყვიტოს თუ რომელი სისტემით მიიღებს წყალს. რაც შეეხება სასმელი წყლის მილებს, ისინი ორივე შემთხვევაში სრულიად გამოიცვლება.

თავდაპირველად საიმერლოელებმა წყლის სისტემის ცვლილება მას შემდეგ გააპროტესტეს, რაც გაიგეს, რომ მერია სოფლში ამ დრომდე არსებულ წყალსაქაჩს გადაკეტავდა, საიმერლოელები კი სასმელ წყალს რეზერვუარებიდან მიიღებდნენ.

მოსახლეობა განმარტავდა, რომ წლების განმავლობაში სოფელი ერთ და იმავე წყალსაქაჩზე იყო მიერთებული და ისინი სასმელი წყლის ხარისხითა და მიწოდების სიხშირით კმაყოფილები არიან. მერიის წარმომადგენლები კი სოფლის მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ რეზერვუარებში დაგუბებული წყალი ჭაბურღილიდან პირდაპირი სისტემით მიწოდებულ წყალზე ხარისხიანი იქნებოდა.

საბოლოოდ საიმერლოელების პროტესტმა შედეგი გამოიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 ივნისს შეჩერდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები