კაჩაგნის საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმებისათვის მეორედ გამოცხადებული ვაკანსიები დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება . ადგილობრივებს ჯერ კიდევ არ აქვთ ინფორმაცია თუ ვის უნდა მიმართონ დასაქმებისთვის. როგორც იუსტიციის სამინისტროში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, უკვე მეორედ გამოაცხადეს HR.gov.ge-ზე ვაკანსია. ამჟამად კი შერჩევის ეტაპი დაიწყეს.

მცხოვრებლების თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ კაჩაგანსა და სხვა სოფელბში, მნიშვნელოვანია. მათ სამუშაოსთვის შორი მანძილის გავლა არ მოუწევთ და შესაძლებლობა ექნებათ ადგლზე დასაქმდნენ.

დასაქმების სურვილის მქონე ახალგაზრდებმა განაცხადი საიტზე არაინფორმირებულობის გამო ვერ გააგზავნეს.

„მე ძალიან მაინტერესებს საიდან შეიძლება ინფორმაციის მიღება. ვაკანსიები რომელ გვერდზეა განთავსებული. სამწუხაროდ, არ ვიცი. რომ მცოდნოდა გავაგზავნიდი და ვიმუშავებდით“- თქვა კაჩაგნის მკვიდრმა.

ვისაც გაუმართლა და ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია ახლობლისგან გაიგო, მან CV გააგზავნა.

„არ მქონდა ინფორმაცია. უბრალოდ მეგობარმა მითხრა და გავაგზავნე განაცხადი. პასუხი როდის იქნება არ ვიცი. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“ - თქვა ნურანა მუსაევამ.

როგორც ჩვენ მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში გვითხრეს, იუსტიციის სამინისტრომ მერიას ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სთხოვა, რის შემდეგაც, მერიამ კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებული ჩააყენა საქმის კურსში.

ის, რომ მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება საჭიროა, ეს მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმაც დაგვდასტურა, თუმცა გითხრა, რომ სამინისტროს თხოვნის შესახებ მან არაფერი იცოდა და საქმეში გარკვევას დაგვპირდა.

რადიო "მარნეული"

Print