მარნეულში ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აბრები დაყენდება
მარნეულის ქუჩებს, წლების განმავლობაში, აღმნიშვნელი აბრები და ნუმერაციის ნიშნები არ აქვს. ხშირ შემთხვევაში ქუჩების დასახელება მოსახლეობამ და ტაქსისტებმაც კი არ იციან, რის გამოც ადამიანებს დისკომფორტი ექმნებათ.

ყოველთვის, როდესაც უცხო პირი მარნეულში ჩამოდის, მისთვის დანიშნულების ადგილამდე მისვლა რთულია. არსებობს ორი ვარიანტი ან ქუჩაში, გამვლელს, უნდა ჰკითხო თუ სადაა, მაგალთად, რუსთაველის N36 ან მთელი მგზავრობის პერიოდი ტელეფონით იმ ადამიანს უნდა ელაპარაკებოდე ვისთანაც მიდიხარ მაგალითად, „თუ თბილისიდან მოდიხარ, მაშინ მოედნიდან იუსტიციის სახლის შენობას მარცხენა მხრიდან უნდა ჩამოუყვე, გადაიარო დიდი ხიდი და შეუხვიო პირველივე შუქნიშანთან მარცხნივ“ ასე შეუძლია ჩეულებრივ ადამიანს მარნეულის ერთ-ერთ მთავარ თავშეყრის ადგილთან, ბაზართან, მოხვედრა.

მარნეულის მერიამ 11 სექტემბერს ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც ქალაქ მარნეულში, ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების შესყიდვა სურს. ამ ეტაპზე მერია მხოლოდ რუსთაველის ქუჩის ნუმერაციას გეგმავს.

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ქუჩების დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების შეძენისათვის 9 450 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები