„ხელისუფლება არის პროცესის ფასილიტატორი, ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები“ - კოკა კიღურაძე პრიორიტეტების დოკუმეტის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვები დაიწყო. გამოკითხვაში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი და მოსახლეობა კითხვარის მეშვეობით სამ ძირითად პრიორტიეიტულ მიმართულებას ირჩევს თუ რისი გაკეთება სურთ სოფელში. რადიო "მარნეულმა" ინტერვიუ ჩაწერა მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენელთან კოკა კიღურაძესთან, რომელმაც პრიორიტეტების დოკუმენტის მთავარ მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც კიღურაძე ამბობს, შედეგი მაშინ მიიღწევა, როდესაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები მოსახლეობისათვის იდენტიფიცირებული იქნება.

“რაც უფრო ცოტა აქვს მუნიციპალიტეტს ფინანსური შესაძლებლობები მით უფრო მეტი საჭიროება აქვს გრძელვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტები გამოიყენოს. როცა მე მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ ვაგვარებ პრობლემას, მაშინ მჭირდება სამწლიანი განვითარების გეგმა, რასაც გეგმაზომიერად მივყვებით და კონკრეტულ შედეგამდე გავალთ. პრიორიტეტების დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მოქალაქეები შეთანხმდნენ ხელისუფლებასთან. ხელისუფლება არის პროცესის მხოლოდ ფასილიტატორი. ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები. გადაწყვეტილების მიმღები არის მოსახლეობა“ -
გვითხრა კოკა კიღურაძემ.

კიღურაძის თქმით, ხშირად, პრიორიტეტების დოკუმენტი ფორმალურია ხოლმე და მას პრაქტიკაში არ ვიყენებთ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესისას. პროგრამას უნდა გააჩნდეს კონკრეტული მიზანი და ის უნდა იზომებოდეს.

„ვთქვათ, მარნეულის მერი, რომ გამოვა წლის ბოლოს და იტყვის, მე, მაგალითად, წარმატებით შევასრულე ბიუჯეტი, ამ წლის დაგეგმილი სამუშაოებია. მნიშვენელოვანია რითი იზომება ეს წარმატება. ეს უნდა იზომებოდეს კონკრეტული ინდიკატორებით. უნდა იყოს შესწავლილი  თუ სად ვართ, რომ შევადაროთ გვქონდა თუ არა პროცენტული ზრდა. ეს არ ხდება ხოლმე. ჩვენ არ ვაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას მუნიციპალური სერვისების მიმართულებით. შემდეგ ვერანაირად ვერ გავზომავთ წარმატებას. თუ არ ვიცით საიდან ვიწყებთ მოძრაობას ვერასდროს გვეცოდინება სად უნდა მივიდეთ ბოლოს“ - ამბობს კოკა კიღურაძე

კიღურაძის თქმით, ყველაფერ ამ კითხვებზე პასუხს იძლევა პრიორიტეტების დოკუმენტი. ის ერთ მხრივ აფასებს არსებულ მდგომარეობას და გამოკვეთს სამ მიმართულებას -  საიდან მოვედით, სად ვართ, და სად მივდივართ. თუ ამ კითხვებზე დოკუმენტი პასუხს გასცემს და მერია ამას ბიუჯეტის დაგეგმვისას გამოიყენებს, მაშინ მიზანიც ნელ-ნელა შესრულებული იქნება. რადიო მარნეულმა კითხვა დაუსვა მუნიციპალიტეტის მერს ზაურ დარგალს გეგმავენ თუ არა იმ საკითხების სხვანაირად ფორმულირებას პრიორიტეტების დოკუმენტში რაც ახლა გამოკითხვის ჩამონათვალში აქვთ

„მინდა გითხრათ, ჩვენ გამოკითხვის ჩატარება პირველ წელს მარტივი ფორმით დავიწყეთ. ეს არის საპილოტე წელი. NDI-ს(ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) მხარდაჭერით ვატარებთ ამ ყველაფერს და ანალიზის კომპონენტიც არის ჩადებული. შემდეგი წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ უფრ რთული ფორმის გამოკითხვის ჩატარებას სადაც იქნება არა მარტო ინფრასტრუქტურული პროექტებზე მიმართული, არამედ თვითონ მოქალაქეების ჩართულობაზე ორიენტირებული. „ - თქვა ზაურ დარგალმა.

მოსახლეობაში პრიორიტეტების გამოკვეთის პროცესში ჩართულია დაახლოებით 150 მოხალისე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები