მარნეულის N1 საჯარო სკოლის ახალ შენობაში სწავლა დაიწყო


მარნეულის მუნიცპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს, 16 სექტემბერს განახლდა. არაქართულენოვანი სკოლის კარი 20-მა პირველკლასელმა შეაღო. მათი რაოდენობა წინა წლეთან შედარებით გაზრდილია. სკოლა ადგილობრივი თვითმმართველობის პირებმა და მოწვეულმა სტუმრება საზეიმო ვითარებაში გახსნეს.



„თითოეული მარნეულელისთვის არის ისტორიული დღე. აშენდა და განახლდა სკოლა, სადაც სწავლობდა ბევრი ჩვენი ნათესავი, მეგობრები, მშობელი. ზუსტად აქ გაიზარდა ქალაქ მარნეულის ძალიან ბევრი თაობა“ , - თქვა მარნელის მერმა, ზაურ დარგალმა და მუნიციპალიტეტში, 10-მდე სკოლის მშენებლობა დაანონსა.

N1 საჯარო სკოლას ახალი სასწავლო წელი მიულოცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა

„ყველას ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაბიჯებენ სკოლებში. თქვენ იცით, საქართველოს მთავრობის და ჩვენი სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით 600-მდე სკოლა შეკეთდა“, - გვითხრა ლევან ხარატიშვილმა.





სასწავლო დაწესებულების ფოიეში პირვანდელი სკოლის ძველი ფოტოები გამოფინეს, რომელიც მის მძიმე მდგომარეობას ასახავდა.



პირველკლასელებს განათლების სამინისტრომ კომპიუტერები გადასცა.



თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის 12 კლასში ამჟამად 130 მოსწავლე ირიცხება. მოსწავეთა რაოდენობა ახალი სკოლის გახსნის გამო გაორმაგდა როგორც დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, სკოლა 400-მდე მოზარდზეა გათვლილი და მომვალში, შესაძლოა, ორ ცვლაში იმუშაოს. იმედოვნებს, რომ სასწავლებელში მალე ქართულენოვან სექტორის გახსნასაც შეძლებენ.

სკოლის ავარიული შენობა 2015 წელს დაანგრიეს. ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობისათვის ტენდერი დაახლოებით 5-ჯერ გამოცხადდა. პრეტენდენტის შერჩევა არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო გართულდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლის შენობის მშენებლობა 2 000 000-მდე ლარი დაუჯდა. სკოლა აღჭურვილია უახლესი ინვენტარით.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები