სწავლა სავალალო პირობებში - სკოლის ამორტიზებული შენობა შაუმიანში
შაუმიანის N1 საჯარო სკოლა ორ შენობაშია განთავსებული. ერთი გასული საუკუნის შუა წლებში აშენდა, მეორე კი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. 1899 წლის ნაგებობას განსხვავებული არქიტექტურა აქვს: დიდი ოთხკუთხედი ქვებით აშენებული კორპუსის ფასადს ორმხრივი კიბე მიუყვება, რომელიც ორგანულად ერწყმის ექსტერიერს.



ბორჩალოს პოლიციის დანაყოფისთვის აგებული და 1922 წელს სკოლად გადაკეთებული შენობა ინტერიერითაც გამოირჩევა. შესვლისთანავე, თვალში გხვდება დიდი სივრცე და მაღალი ჭერი, თუმცა იქვე ვხედავთ ჩატეხილ იატაკს, წვიმისგან დალაქავებულ, ჩამოშლილ ჭერს, ღრიჭოებიან კარს.



საუკუნეზე მეტი ხნის შენობა, ნახევარი საუკუნეა არ გარემონტებულა. სახურავი ჟონავს, საკლასო ოთახების ჩამოშლილი კედლები, ალაგ-ალაგ, ბავშვების ნახატებით არის შენიღბული. ბავშვები ვერ შველიან კარებს. თუ მოინდომებთ, დიდი ჭუჭრუტანებიდან მთელ გაკვეთილს ადევნებთ თვალს, სახელმწიფო დროშითაც კი მათ შესაფუთათაა გამოყენებული. ფანჯრების ნაწილზე მუყაოა აკრული, ოთახების ნაწილი კი სრულიად გამოუსადეგარია.

„შენობაში ყველაფერი შესაცვლელია ჭერიც, კარებიც, ფანჯრებიც, იატაკიც“,
- გვითხრა შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა არტუშ ურუმიანმა.

სკოლის შენობის გარემონტების თხოვნით ადმინისტრაცია რესურსცენტრს წერილს ყოველწელს უგზავნის, რაც არტუშს ახსოვს, აგერ უკვე 18 წელია. აქამდე ვერაფერს გახდნენ. არადა, შენობა სასწავლო პროცესისთვის სრულიად შეუფერებელია.

შედარებით უკეთესი პირობებია მეორე კორპუსში. ფერადი კიბე, განათებული დერეფანი და ბავშვების პროექტებით აჭრელებული კედლები უფრო მხიარულ და მოწესრიგებულ გარემოს ქმნის. თუმცა, მაინც იგრძნობა, რომ შენობა ძველია და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ის ერთხელ, ნაწილობრივ გაარემონტეს.

„სახურავი, ფანჯრები და შენობაში შემოსასვლელი კარი გამოვცვალეთ და ეზოში ახალი საპირფარეშო ავაშენეთ. ეს დაახლოებით 4-5 წლის წინ გავაკეთეთ“, - ამბობს არტუშ ურუმიანი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა გვითხრა, რომ მერია შაუმიანის N1 საჯარო სკოლის გარემონტებას გეგმავს.

„დაგეგმილია იქ ნაწილობრივი რეაბილიტაციის ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ორი სკოლის შენობიდან ერთში იგეგმება სახურავის შეცვლა, გათბობის სისტემის მოწყობა და კიდევ სხვადასხვა რაღაცეები“.


ქენან ომაროვმა აღნიშნა, რომ სკოლაში იატაკი და კარ-ფანჯარაც შეიცვლება. სარემონტო სამუშაოები 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. რა დაჯდება სკოლის განახლება, ჯერ უცნობია. მანამდე კი 251 ბავშვებს სწავლის გაგრძელება სავალალო პირობებში მოუწევთ.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები