თამარისის მოსახლეობა სოფელში სატვირთოების სიარულს აპროტესტებს
თამარისის მოსახლეობამ სოფლის ცენტრალური გზა სატვირთოებისათვის გადაკეტა. სოფლის მოსახლეობა დღეს, 22 სექტემბერს, დილის საათებიდან ქუჩაში გამოვიდა და ქვიშის კარიერებიდან მომავალ სატვირთოებს სოფელში შესვლის საშუალება არ მისცა.

მოსახლეობის განმარტებით, სატვირთო ავტომობილები თამარისის მთავარ ქუჩაზე გადაადგილდებიან, სადაც სკოლა, სკვერი, საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობის ძირითადი თავშეყრის ადგილებია განთავსებული. ზაფხულობით სოფლის მცხოვრებლებს სატვირთო მანქანების მტვერი, ზამთრობით კი ატალახებული გზა აწუხებთ. მარიამ სამხარაძე თამარისში სწორედ იმ ქუჩაზე ცხოვრობს სადაც კარიერიდან ქვიშით დატვირთული სატვირთოები მოძრაობენ.

„მოსახლეობა ამბობს, რომ მდინარის ნაპირიც უკვე დაზიანებულია ამდენი კარიერით და გარემოს დაცვის მხრივაც საფრთხე ექმნება სოფელს. ახლა პატრულიც აქ არის და ამბობენ, რომ სატვირთოები უნდა აიწონოს, რათა დადგინდეს აჭარბებენ თუ არა განსაზღვრულ წონას, მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიის ერთჯერადი დაჯარიმება რეალურად არაფერს არ შეცვლის და ვითხოვთ, რომ გაკეთდეს შემოვლითი გზა და იმით ისარგებლონ სატვირთოებმა“. - გვითხრა მარიამ სამხარაძემ

ალტერნატიული გზა რომელზეც მარიამი საუბრობს თამარისი-ფარიზის დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. როგორც ჩვენთან საუბრისას თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებულმა მირზა ჟორჟოლიანმა თქვა, გზის შეკეთების მიზნით მარნეულის მერიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტს მიმართა, მაგრამ ბოლნისის მერიამ ამ ეტაპზე გზის შეკეთებაზე უარი განაცხადა.

„სამამდე ქვიშის კარიერია, რომლებიც ამ ეტაპზე მუშაობენ. ჩვენ მათთან გვქონდა შეხვედრები რათა სატვირთოებს ალტერნატული გზით ევლოთ, მაგრამ კომპანიებმა უარი განაცხადეს, რადგან გზა საკმაოდ დაზიანებულია და მასზე სატვირთოები ვერ ივლიან“. - გვითხრა მირზა ჟორჟოლიანმა

ჟორჟოლიანის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსშია. რაც შეეხება სატვირთო მანქანებს, მათთვის გადაადგილების შეზღუდვის უფლება საპატრულო პოლიციას აქვს.

რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები