მარნეულის საბავშვო ბაღებს შესაძლოა დამხმარე აღმზრდელები დაემატოს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს შესაძლოა დამხმარე აღმზრდელები დაემატოს. ამის შესახებ საუბარი აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიო „მარნეულმა“ N3 საბავშვო ბაღში არსებულ პრობლემაზე  სიუჟეტი მოამზადა. აღმზრდელმა ღიად ისაუბრა იმ სიტუაციაზე , რასთან გამკლავება, ფაქტობრივად,  მარტო უწევს. ორმოცამდე ორი წლის ასაკის აღსაზრდელისთვის არც საწოლებია საკმარისი.

ამავე ბაღის გამგე, ქეთევან მინაძე, დღეს გვეუბნება, რომ მშობლები იძულებულები გახდნენ შვილები ბაღიდან გაეყვანათ.

„ბევრმა გაიყვანა ბავშვები და დაცოტავდნენ, უკეთესობა არის. ახლა რამდენი ბავშვიც არის იმდენი საწოლი გვაქვს. დაისვა საკითხი, რომ დამხმარეები გამოყონ“ - გვითხრა ქეთევან მინაძემ და აღნიშნა, რომ, მაგალითად, ახლა ორმოცის ნაცვლად ბაგა ჯგუფში 32 აღსაზრდელი  ირიცხება.

„32-დან ახლა მაინც დადის 26, 27 ბავშვი, მაგრამ დამხმარე მაინც საჭიროა იმიტომ, რომ ერთ აღმზრდელს 15 მოსწავლე უნდა ჰყავდეს“

მინაძის თქმით, რადიო „მარნეულის“ სიუჟეტის შემდეგ, მათ ბაღში რამდენიმე ორგანიზაცია მივიდა მონიტორინგის მიზნით. მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატი.

N3 საბავშვო ბაღის გარდა, მსგავსი პრობლემა მუნიციპალიტეტის სხვა ბაღებშიც არსებობს. ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის, ზაურ ქარამოვის თქმით, დამხმარე აღმზრდელების მიღებაზე მარნეულის მერთან უკვე ისაუბრეს.

„გვქონდა საუბარი მერთან. თუ საშუალება ექნება მერიას, თითო დამხმარე აღმზრდელი ყველა ჯგუფს დაემატება. თუ არა და ამ წელს შესაძლოა მარტო ბაგა ჯგუფში დაემატოს. ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული“.

ქარამოვის თქმით, დამხმარეების მიღება მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში იგეგმება.

აქვს თუ არა მერიას დამატებითი ფინანსები მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე საბავშვო ბაღში დამხმარე პედაგოგები მიიღოს, ამ საკითხის გასარკვევად მარნეულის მერთან საუბარი ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ. თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში აცხადებენ, რომ მათთან თანხების გამოყოფის თაობაზე ჯერ ინფორმაცია არ მისულა. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები