მარნეულის „ავტოპარკი“ თვლის, რომ ხაზის გაცდენით მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ ექმნება
დღეს, 15 ოქტომბერს, დილის საათებში სოფელ თამარისში მუნიციპალური ავტობუსი გაფუჭდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის „ავტოპარკმა“ თამარისის ხაზზე მარნეული-ალგეთის „ყვითელი ავტობუსი“ გაუშვა. როგორც ჩვენთან საუბრისას ალგეთის მკვიდრმა სამირა ბაირამოვამ თქვა, ავტობუსი ალგეთიდან 08:00 საათზე უნდა გასულიყო, ამის ნაცვლად კი 10:00 საათზე გავიდა. ბაირამოვას თქმით, მან, ისევე როგორც სხვა მგზავრებმა, „ავტოპარკის“ გადაწყვეტილების გამო სამსახურში დააგვიანეს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ თქვა, ალგეთის ხაზზე კერძო ტრანსპორტიც მუშაობს, რის გამოც არ სჯერა, რომ მოსახლეობას მგზავრობის პრობლემა შეექმნა.

„როდესაც ავტობუსი ფუჭდება, ვიცით ხაზების დატვირთულობისა და ტრანსპორტის მოძრაობის გეგმა და ამის მიხედვით გადაგვყავს ხოლმე ტრანსპორტი ერთი ხაზიდან მეორეზე. გვყავს სათადარიგო ტრანსპორტიც, მაგრამ ამ ეტაპზე 3 მანქანაა გაფუჭებული“

ავტოპარკის ხელმძღვანელი ასევე განმარტავს, რომ მათ ბალანსზე სულ 20 ავტობუსია რეგისტრირებული. მისივე თქმით, ოცივე ავტობუსი ტექნიკურ დათვალიერებას ყოველ ექვს თვეში, წარმატებით, გადის. რაც შეეხება ტრანსპორტის დაზიანებას, ავრობუსებს მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა უწევთ რის გამოც სხვადასხვა ნაწილები მწყობრიდან გამოდის. 

„ჩვენ სულ ცხრა ხაზს ვემსახურებით. მერია 2020 წლისათვის კიდევ ორი ავტობუსის შეძენას გეგმავს. კარგი იქნება, რომ უფორ მეტი ტრანსპორტი გვყავდეს, რათა ხაზების რაოდენობაც გავზარდოთ“

თამარისის ავტობუსი პირველი არაა, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოფელ კირაჩ მუღანლოში ავტობუსი გაფუჭდა რის გამოც მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ორი დღის განმავლობაში დარჩა. კირაჩ მუღანლოელებს არ ჰქონიათ ინფორმაცია თუ რატომ აღარ დადიოდა „ყვითელი ავტობუსი“ რის გამოც მათ გადაადგილება ტაქსებით უწევდათ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები