განსხვავებული შეხედულებების გამო ადამიანები საკუთარი თემის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან


მარნეულელი შალალა ამირჯანოვა 19 წლის იყო როდესაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში „ნანუკას შოუში“ ღიად ისაუბრა აზერბაიჯანულ თემში არსებულ გენდერულ პრობლემებზე.

შალალამ გაიხსენა მაგალითები საკუთარი გარემოცვიდან, როდესაც გოგონებს მე-9 კალასიდან ათხოვებდნენ, არ აძლევდნენ განათლების მიღების საშუალებას და ართმევდნენ იმ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც ყველა ადამიანის განვითარებისათვისაა საჭირო.

შალალას მიერ პრობლემების გასაჯაროებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის უმეტესობა გააღიზიანა.

„როდესაც პირველად ხმამარლა დავაფიქსირე რეგიონში არსებული პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემამდე ძალიან ბევრი საუბრობდა ამ თემაზე, ჩემს მიერ ამ პრობლემის ხმამაღლა გაჟრერებამ ვიღაც ადამიანები გააღიზიანა და ამ შემთხვევაში წამოვიდა ძალიან დიდი აგრესია ჩემს მიმართ“ - ამბობს შალალა ამირჯანოვა

შალალას მოსახლეობა ღიად დაუპირისპირდა. აყენებდნენ შეურაწყოფას სოციალურ ქსელებში და ადანაშაულებდნან, რომ თემის „ჭუჭყიანი საცვლები“ სააშკარაოს გამოიტანა.

შალალაზე თავდასხმიდან უკვე ორი წელი გავიდა, მაგრამ სიტუაცია კვლავ უცვლელი რჩება. 19 წლის გოგონას მსგავსად თემი უკვე ახალგაზრდა გეოგრაფიის მასწავლებელს ჰამიდ სადიკოვს დაუპირისპირდა. ჰამიდმაც გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება და დაოჯახების მიზნით ქალების გატაცება გააპროტესტა.

გარდაბნელი გეოგრაფიის მასწავლებელი, გოგონას გატაცების გაპროტესტების გამო, საჯაროდ დააბულინგეს. მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა ერთ-ერთი კურსდამთავრებულის გატაცება გააპროტესტა და გოგონას მამას შვილისათვის მიცემული განათლების გაგრძელების პირობა შეახსენა, სოფლის მოსახლეობამ ის საჯაროდ გააკრიტიკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამირჯანოვა ამბობს, რომ ის და ჰამიდიც საკუთარი თემის მხრიდან, განსხვავებული შეხედულების გამო, დისკრიმინაციის მსხვერპლები გახდნენ. ისინი საზოგადოებამ გარიყა, რადგან დაიწყეს ღიად საუბარი იმაზე, რაც წლების განმავლობაში ტაბუდადებული იყო.

„თუ ვინმე იწყებს ამის გაპროტესტებას ხმამაღლა და ამბობს, რომ არა, ეს არასწორია, ეს ვიღაცეებს აღიზიანებს, რადგან ეს იმ ხალხის, კონკრეტული საზოგადოების მიერ მოფიქრებული რეგულაციაა, რომ დაარეგულირონ რაღაც დაუწერელი წესები“ - გვითხრა შალალა ამირჯანოვამ

ამირჯანოვა ამბობს, რომ პრობლემებზე ღიად საუბარი არა მარტო ეთნიკური უმცირესობების, არამედ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც არ სურთ.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა და მკვლევარმა მარიამ გაბრიელაშვილმა თქვა, ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციას მოიაზრებენ როგორც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობას, მაგრამ რეალურად ეს ასე არაა.

„ჰამიდის შემთხვევაში მისი თემი გახდა მოძალადე, რომელმაც ფიზიკურად და მორალურად იძალადა მასზე იმ შეხედულებისა და განსხვავებული მოსაზრებების გამო რომლებიც მას ჰქონდა. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო დისკრიმინაციის შემთხვევა, როდესაც ის შეავიწორვეს, დააშინეს, გარიყეს. აშკარად ჰქონდა ადგილი ღირსების შემლახველ ქცევას და ეს ყველადერი მოხდა იმ მოსაზრებების გამო, რომლებიც მას ჰქონდა“ - გაბრიელაშვილის თქმით, იდენტურ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ შალალა ამირჯანოვას შემთხვევაც.

მარიამ გაბრიელაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფოს მხრიდან ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი. მათი ჩაკეტილობიდან გამომდინარე კი საზოგადოება ცდლილობს გარიყოს და გააჩუმოს განსხვავებული შეხედულების მქონე პირები.

„ხშირია ესეთი შემთხვევები, რადგან ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით და ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისათვის რომ ზოგადად დისკუსია დაიწყოს თუ რა არის დისკრიმინაცია და რა შემთხვევაში ვეჯახებით“ - გვითხრა მარიამ გაბრიელაშვილმა

ქვემო ქართლში დისკრიმინაციის შემთხვევებს იკვლევს სახალხო დამცველის ოფისიც. როგორც ჩვენთან საუბრისას სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა თქვა, დისკრიმინაციის შემთხვევებზე მარნეულიდან მიმართვიანობა დაბალია.

„არამხოლოდ ამ მხარისთვის და ამ განმცხადებლებისთვისაა ეს დამახასიათებელი, სხვადასხვა ჯგუფებსაც თუ გადავხედავთ, სხვადასხვა მიზეზების გამო ისინი იკავებენ თავს მომართვისაგან. ზოგადად თუ ვისაუბრებთ, არ უნდათ გარკვეული შემთხვევების გასაჯაროება და ა.შ. თუმცა, პრობლემა ჯერ კიდევ არის ის, რომ მოსახლეობას არ აქვს სათანადო ინფორმაცია მათი დაცვის მექანიზმებზე“ - ამბობს ქეთევან შუბაშვილი

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჯერ არ განუხილავთ ისეთი შემთხვევები, როდესაც უმცირესობების ჯგუფში თვითონ უმცირესობის წარმომადგენელი, განსხვავებული შეხედულების გამო, დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება.

რადიო „მარნეული“

მასალა მომზადებულია გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პროექტის "მედიაადვოკატირების კამპანია ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისთვის" ფარგლებში. რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციის მიერ . მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები, მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს საიას ოფიციალურ პოზიციებს


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები