მარნეულის მერიის ა(ა)იპ-ების და შპს-ების დაფინანსების 58% ხელფასებში იხარჯება - აუდიტის ანგარიში
მარნეულის მერიას არ აქვს შესწავლილი თუ რამდენად სრულყოფილად და მიზანშეწონილად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს მუნიციპალური შპს-ები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე სულ 3 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 5 არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი ირიცხება. აღნიშნულ კომპანიებს მარნეულის მერიისაგან 2017-18 წლებში სუბსიდიის სახით 12 998 900 ლარი აქვთ მიღებული.

მერიის მიერ ა(ა)იპ-ებისა და შპს-ებისათვის გაცემული თანხა მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს შეადგენს, მიღებული თანხის 58% კი შრომის ანაზღაურებაშია გახარჯული.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შპს-ები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას საანგარიშო წლის დაწყებამდე მხოლოდ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით შედგენილ საბიუჯეტო განაცხადს წარუდგენენ, რომელშიც წლის განმავლობაში დაგეგმილი ძირითადი სამუშაოები და აქტივობები დაგეგმილი არაა.

„მუნიციპალიტეტს არც წლის დასრულების შემდეგ წარედგინება ანგარიში აღნიშნულის შესახებ. შედეგად, მუნიციპალიტეტი არ ფლობს დოკუმენტურ ინფორმაციას შპს-ების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების, მათი ხარისხის, ასევე განხორციელებული ფინანსური ოპერაციების მიზანშეწონილობისა და კადრების ოპტიმალურობის შესახებ“ - წერია აუდიტის ანგარიშში

აუდიტის მიხედვით, მარენულის მერიას არ წარედგინება ისეთი სახის მონაცემები სადაც, შპს-ების მიერ განხორციელებული საქმიანობა და ამ მიზნით გახარჯული თანხები იქნება მოცემული. მერიას ასევე არ აქვს გაანალიზებული მოსახლეობისათვის მიწოდებული სერვისების ხარისხი და სარგებლიანობა.

„მუნიციპალიტეტის შპს-ებს ფინანსური წელი დასრულებული აქვთ ზარალით. მიუხედავად აღნიშნულისა, არ ხორციელდება ზარალის გამომწვევი ფაქტორების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.“ - წერია აუდიტის დასკვნაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მარნეულის მერიის მიერ არ არის გაანალიზებული შპსისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა და შესაბამისობა განსახორციელებელ საქმიანობასთან მიმართებაში.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები