მარნეულის მუნიციპალიტეტმა 80 300 ლარი ჭამა-სმაში დახარჯა - აუდიტის დასკვნა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში სტუმრების მასპინძლობასა და სხვადასხვა საბანკეტო მომსახურებაში 80 300 ლარი დახარჯა.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, თანხები „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან გაიხარჯა.

კერძოდ: 2017 წელს - 31.3 ათასი ლარი (თვეში საშუალოდ გახარჯულია 3.0 ათასი ლარი), ხოლო 2018 წელს - 49.0 ათასი ლარი (თვეში საშუალოდ გახარჯულია 4.0 ათასი ლარი).

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომელიც უზრუნველყოფდა „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან კვებით მომსახურებაზე თანხების რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ ხარჯვას. 2017-2018 წლებში თანხების გამოყოფა ხდებოდა მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე. საკითხის შესწავლით, გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში თანხები გახარჯულია 47 ღონისძიებაზე, თუმცა დოკუმენტებში არ არის გამიჯნული სტუმრებისა და მასპინძლების ოდენობა, გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში არ არის მითითებული პირთა რაოდენობა“, - წერია აუდიტის დასკვნაში და  დასტურად რამდენიმე კონკრეტული მაგალითია მოყვანილი

  • 2017 წელს ქ. მარნეულში ჩატარებულ პროექტ „ეტალონ“-ში მოწვეული სტუმრების(პირთა რაოდენობა არ არის მითითებული) კვებით მომსახურებაზე გახარჯულია 1.3 ათასი ლარი.

  • 2018 წელს პროექტ „ქართული საგანძური“-ს ფარგლებში, ანსამბლ „ერისიონი“-სკონცერტზე მოწვეული სტუმრების კვებით მომსახურებაზე (70 პირი) გახარჯულია 3.6 ათასი ლარი.
  • 2018 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის მიზნით ჩამოსული სტუმრების (პირთა რაოდენობა არ არის მითითებული) კვების მომსახურებაზე აგვისტოს, ნოემბერსა და დეკემბერში გახარჯულია 2.2 ათასი ლარი.

  • 2018 წელს ქ. მარნეულში, ღონისძიებაზე „ღვინობისთვე მარნეულ“-ში, მოწვეული სტუმრების (100 პირი) კვებით მომსახურებაზე გახარჯულია 5.0 ათასი ლარი

  • 2017-2018 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე „გადაჭრილ გორაზე“ მიმდინარეობდა არქეოლოგიური სამუშაოები. 2017 წელს მიმდინარე სამუშაოების გასვლით შეხვედრაზე დამსწრე სტუმრების (პირთა რაოდენობა არ არის მითითებული) და 2018 წელს შესრულებული სამუშაოებისთვის მოწვეული დელეგაციის (15 პირი) კვებით მომსახურებაზე სულ გახარჯულია 2.2 ათასი ლარი.

სახელმწიფო აუდიტი მარნეულის მერიას რეკომენდაციას აძლევს, რათა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, მიზანშეწონილია შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიზანი, მიღების ფორმა, გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რაც ხარჯებს გახდის საჯაროს და შედეგზე ორიენტირებულს.

ფოტო: მარეულის მერია (ღვინობისთვე 2018 წელი)
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები