„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - კამპანია ნაადრევი ქორწინების პრევენციისათვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს, 4 ნოემბერს, მარნეულის N5 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა.

„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - ამ სახელწოდების კამპანია შსს-მ ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის წამოიწყო.

„კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებებთან და ასევე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით საქართველოს მასშტაბით ატარებს რეგიონულ შეხვედრებს. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ვხვდებით მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს, სკოლის წარმომადგენლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს და მათ ვაწვდით ინფორმაციას ადრეული ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ და ასევე ადრეული ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ“ - ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი იზა კასრელიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ნაადრევი ქორწინება კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ნაადრევი ქორწინების შემთხვევების გახშირებასთან დაკავშირებით საუბრობს სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი.

„ჩვენს მიერ საქმეების შესწავლის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, რომ სკოლების მხრიდან ყოველ შემთხვევას მოჰყვეს სათანადო რეაგირება და ასევე მიგვაჩნია, რომ რეფერირების დოკუმენტის განხორციელებაზე უნდა მოხდეს უფრო მეტი კონტროლი და ზედამხედველობა“ - გვითხრა მარიამ გვიდიანმა

„ნუ წაართმევ ბავშვობას“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრები 21 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ხვალ, 5 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლაში გაიმართება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები