მარნეულის მერი არ ამბობს თუ რომელ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს
მარნეულის მერი არ გვეუბნება თუ რომელი საარჩევნო სისტემაა მისთვის მისაღები, პროპორციული თუ მაჟორიტარული.
როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, ის პოლიტიკური ექსპერტი არაა რის გამოც ვერ გვეტყვის მაჟორიტარულის საარჩევნო სისტემაა უფრო კარგი თუ პროპორციული.

„დღეს იქნება კენჭისყრა და დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. რომელიც უკეთესია ამაზე მსჯელობა მიდის“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

საქართველოს ხელისუფლებამ 20-21 ივნისს გამართული აქციების შემდგომ გასცა დაპირება, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით გაიმართებოდა. მიუხედავად ამისა, 12 ნოემბერს საპარლამენტო განხილვისას დეპუტატების ნაწილმა საკითხისათვის მხარდაჭერა გადაიფიქრეს.

ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევია.

როგორც, 13 ნოემბერს, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რუსლან გაჯიევმა განაცხადა, ადრე, ის პროპორციული სისტემის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ახლა, მოსახლეობასთან შეხვედრების შემდგომ აზრი შეიცვალა.

„ეხლა მეც წინააღმდეგი ვარ ახალი პროექტის, იმიტომ, რომ შიგნით (ქართულ ოცნებაში) უნდა იყოს განხილვა ამ თემის და ხვალ პარტიის ოფისში იქნება ამასთან დაკავშირებით სხდომა“

რუსლან გაჯიევი ასევე განმარტავს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათი დიდი თხოვნა იყო, რომ მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმებულიყო.

მარნეულის მეორე მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ამ დრომდე რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს.

დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტში კიდევ ერთხელ გაიმართება სხდომა, სადაც დეპუტატები 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას განიხილავენ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები