„მას (რუსლან გაჯიევს) აკონტროლებენ ის მფლობელები, რომლებიც ამ მარიონეტების ლიდერები არიან“ - ახმედ იმამკულიევი
„რუსლან გაჯიევს იცნობენ მარნეულში როგორც მატყუარას, როგორც კორუმპირებულ პიროვნებას რომელიც აკეთებს იმას, რაც სჭირდება მის მფლობელს“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას.

ახმედ იმამკულიევი მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის რუსლან გაჯიევის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორჯერ შეცვალა.

13 ნოემბერს, რუსლან გაჯიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარს ადრე უჭერდა, მაგრამ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს აზრი შეიცვალა.

დღეს, 14 ნოემბერს, გაჯიევმა აზრი კიდევ ერთხელ შეცვალა და პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო მხარი დაუჭირა. გაჯიევმა აღნიშული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რუსლან გაჯიევის ქმედებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია.

„მისი ნათქვამიდან გამომდინარე, როდესაც მან თქვა, რომ მხარს დაუჭერდა კანონპროექტს, მერე გუშინ ამბობდა რომ არ დაუჭერდა მხარს და პირიქით ამბოხებულების მხარეს იყო, დღეს კი აღმოჩნდა, რომ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბატონი რუსლან გაჯიევი თავის თავს თვითონ არ აკონტროლებს. მას აკონტროლებენ ის მფლობელები, რომლებიც ამ მარიონეტების ლიდერები არიან“ - განაცხდა ახმედ იმამკულიევმა

შეგახსენებთ, რომ დრეს, 14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო. კანონპროექტის მომხრე 101 დეპუტატი იყო, კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები